მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია საქართველოში წითელი და შავი ხიზილალას იმპორტის მაჩვენებლები?

ხიზილალა

2026 წლის იანვარში საქართველოში ორაგულის წითელი ხიზილალის იმპორტი მკვეთრად შემცირდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანამ 50 კილოგრამი წითელი ხიზილალა $5 ათასად შეიძინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, საქართველოში $61 ათასის ღირებულების, დაახლოებით 21 ტონა წითელი ხიზილალა იყო იმპორტირებული. შედეგად, იმპორტის ღირებულება წლიურად 91.8%-ით, ხოლო მოცულობა დაახლოებით 420-ჯერ შემცირდა.

სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარში საქართველოს მიერ წითელი ხიზილალა სრულად ბელარუსიდან არის შემოტანილი.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, საქართველოში ორაგულის წითელი ხიზილალის იმპორტი 2025 წელსაც შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-დეკემბერში ქვეყანამ $1.8 მლნ-ის ღირებულების, 272 ტონა წითელი ხიზილალა შეიძინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, 2024 წელს კი, საქართველოში იმპორტირებული იყო $2 მლნ-ის ღირებულების, 443 ტონა პროდუქტი. შედეგად, იმპორტის ღირებულება წლიურად 10.1%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობა - 38.6%-ით.

სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს წითელი ხიზილალის იმპორტის მთავარი წყარო რუსეთი იყო. იმპორტი ქვეყნებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:

  • რუსეთი – $1.2 მლნ, 222 ტონა;
  • ბელარუსი – $223 ათასი, 33 ტონა;
  • ჩინეთი – $142 ათასი, 7 ტონა;
  • ლატვია – $131 ათასი, 6 ტონა;
  • საფრანგეთი – $48 ათასი, 40 კილოგრამი.

რაც შეეხება ზუთხის შავ ხიზილალას, მისი იმპორტი 2026 წლის იანვარში გაიზარდა, თუმცა მოცულობა უცვლელი დარჩა.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველოში $23 ათასის ღირებულების, 10 კილოგრამი შავი ხიზილალა იმპორტირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, 2025 წლის იანვარში, ქვეყანაში $16 ათასის ღირებულების, ასევე 10 კილოგრამი პროდუქტი იყო შემოტანილი.

ამგვარად, შავი ხიზილალის იმპორტის ღირებულება წლიურად 43.7%-ით გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარში საქართველომ შავი ხიზილალა სრულად ჩინეთიდან შეიძინა.

წლიურ ჭრილში კი, 2025 წელს საქართველოში შავი ხიზილალის იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, ქვეყანამ 60 კილოგრამ ზუთხის ხიზილალაში $299 ათასი გადაიხადა, მაშინ როდესაც 2024 წელს იმპორტირებული იყო 30 კილოგრამი პროდუქტი, $163 ათასის ღირებულებით. შედეგად, იმპორტის ღირებულება 83.4%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა გაორმაგდა.

2025 წელს შავი ხიზილალის ძირითადი საიმპორტო ქვეყნები იყვნენ:

  • ჩინეთი – $123 ათასი, 40 კილოგრამი;
  • იტალია – $83 ათასი, 10 კილოგრამი;
  • საფრანგეთი – $38 ათასი;
  • ლატვია – $28 ათასი;
  • აზერბაიჯანი – $21 ათასი;
  • ბელარუსი – $2 ათასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები