მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია უახლესი Samsung Galaxy S26 Ultra?

s26 ultra

კორეულმა Samsung-მა წლის მთავარ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, Galaxy Unpacked-ზე თავისი ახალი ფლაგმანური სერია — Galaxy S26 და S26 Ultra, ასევე ახალი თაობის ყურსასმენები Galaxy Buds 4 და რამდენიმე ინოვაციური აქსესუარი ოფიციალურად წარადგინა.

წლევანდელი პრეზენტაციის მთავარი ვარსკვლავი S26 Ultra იყო, რადგან სტანდარტული S26 მინიმალურად განსხვავდება წინამორბედისგან და თან ის ახლა უფრო ძვირი ღირს.

Ultra მოდელი ისევ რჩება ტექნოლოგიურ ფლაგმანად, სადაც მთავარი აქცენტი ვიზუალურ კონტენტზე და სიმძლავრეზე კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, ის წინა წლის მოდელს ჰგავს, კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი და ინოვაციური ცვლილება განახორციელა, რაც მას ბაზარზე გამორჩეულს ხდის.

დიზაინი

Galaxy S26 Ultra-მ გააგრძელა S25-ის ვიზუალური იდენტობა და კიდევ უფრო დაშორდა ძველ, „პასპორტის“ დიზაინს. მისი ფორმები უფრო მომრგვალებულია, რაც მას ხელში დასაჭერად უფრო კომფორტულს ხდის, თუმცა ნაკლებად ორიგინალურს. ასევე, სმარტფონის კორპუსი ალუმინისგან არის დამზადებული, ნაცვლად ტიტანისა, რომელიც ობიექტურად უკეთესი და უფრო ძვირი მეტალია.

ზომები: სმარტფონი უფრო თხელი (7.9 მმ) და მსუბუქი (214 გრამი) გახდა.

კამერის კუნძული: უკანა პანელზე კამერები ახლა მოთავსებულია აბის ფორმის კუნძულზე, მსგავსად იმისა, რაც Galaxy Z Fold 7-ში ვიხილეთ. გაქრა ლინზების გარშემო არსებული შავი რგოლები, რამაც დიზაინი უფრო სუფთა გახადა.

ფერები: ხელმისაწვდომია ექვსი ახალი ფერი: Cobalt Violet, Sky Blue, Black, White, Silver Shadow და Pink Gold.

რევოლუციური Privacy Display

ეკრანის მხრივ ყველაზე დიდი ინოვაცია არის Privacy Display ფუნქციონალი. ეს არის ჩაშენებული პრივატულობის ფილტრი, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჩართოთ. გააქტიურებისას, ეკრანი გვერდიდან მომზირალი თვალისთვის უხილავი ხდება, რაც იცავს თქვენს პირად შეტყობინებებს ან საბანკო ინფორმაციას. ფუნქციის ავტომატურად ჩართვა შესაძლებელია მუდმივად ან კონკრეტული აპლიკაციებისთვის.

მეტი სიმძლავრე

S26 Ultra აღჭურვილია Qualcomm-ის უახლესი Snapdragon 8 Elite Gen 5 Galaxy პროცესორით, რაც სმარტფონს საგრძნობლად მძლავრს ხდის. კერძოდ, S25 Ultra-სთან შედარებით, ახალი სმარტფონის გრაფიკული პროცესორი 24%-ით უფრო მძლავრი, CPU დაახლოებით 19% ჩქარი და AI NPU თითქმის 39%-ით უფრო უკეთესია. ექსპერტების შეფასებით, S26 Ultra დღეისათვის პლანეტაზე ყველაზე მძლავრი სმარტფონია და ეს ტექნიკურ ტესტებშიც დასტურდება.

უფრო სწრაფი დამუხტვა

Samsung-მა წელს ასევე გაზარდა დამუხტვის სისწრაფე. S26 Ultra-ს 60-ვატიანი დამუხტვის ფუნქციონალი აქვს, ნაცვლად წინა წლის 45W-ისა და 25W უსადენო დამუხტვის შესაძლებლობა.

გაუმჯობესებული კამერები

მიუხედავად იმისა, რომ ლინზების რაოდენობა და მეგაპიქსელები (200MP მთავარი, 50MP ულტრა-განიერი, 10MP 3x ტელეფოტო და 50MP 5x ტელეფოტო) უცვლელი დარჩა, მთავარ 200MP ლინზას ახლა უფრო ფართო, f/1.4 დიაფრაგმა აქვს. ეს სენსორს საშუალებას აძლევს, გაცილებით მეტი სინათლე შთანთქოს და რთულ პირობებში უფრო კაშკაშა ფოტოები გადაიღოს.

Galaxy S26 Ultra-ს ფასი $1,300 დოლარიდან დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ Samsung-ი ტრადიციას არ ღალატობს და თავის ფლაგმანს iPhone Pro Max-ზე 100 დოლარით უფრო ძვირად ყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები