მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია უკრაინის ეკონომიკური მდგომარეობა?

უკრაინა

გასული წელი უკრაინამ მშპ-ის დაახლოებით 1.8%-იანი ზრდით დაასრულა, რაც იმაზე დაბალია, ვიდრე ანალიტიკოსები წლის დასაწყისში პროგნოზირებდნენ, ხოლო 2026 წლისთვის პროგნოზები 1.8-2%-ის ფარგლებში ნარჩუნდება.

ზრდის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ეკონომიკის საერთო მოცულობა კვლავ 21%-ით ნაკლებია ომამდელ, 2021 წლის ნიშნულთან შედარებით.

ზრდის შემაფერხებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ენერგეტიკული კრიზისია. ამას ემატება მუშახელის მწვავე დეფიციტი, დემოგრაფიული პრობლემა და მიგრაცია, რომელიც ომით, არასტაბილური გარემოთი და ქვეყანასთან დაკავშირებული რისკებით არის განპირობებული.

ინფლაციური პროცესების მხრივ, 2026 წლისთვის სამომხმარებლო ფასების მატება დაახლოებით 9%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული, რაც სამიზნე ნიშნულზე თითქმის 3-ჯერ მეტია. მართალია, უკრაინის ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს, თუმცა 2026 წლის დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთი მცირედით, 15%-მდე შეამცირა, რომლის მიზანიც ეკონომიკური აქტივობის სტიმულირება იყო.

IMF-ის შეფასებით, უკრაინის ფინანსური მდგრადობა ისევ მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საერთაშორისო პარტნიორებზე, რადგან საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ის 18.5%-ს შეადგენს და მას სრულად დასავლელი დონორები ავსებენ.

მართალია, 2026 წლის იანვარში ქვეყნის სავალუტო რეზერვმა ისტორიულ მაქსიმუმს, 57.7 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც უცხოური ფინანსური დახმარების დამსახურებაა. თუმცა, დონორების მხრიდან დახმარების ტემპის ნებისმიერი ცვლილება ფისკალურ რისკებს მყისიერად ზრდის და ქვეყანას ეკონომიკურად მოწყვლადს აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები