მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია ვითარება ბახმაროში, სადაც უხვი ნალექის გამო გზა დაზიანდა? - ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე

ბახმარო

"პრობლემები მომავალშიც დარჩება თუ ჩვენ არ ვიზრუნებთ სახიდე გადასასვლელების აღდგენაზე კი არა, არამედ მის კაპიტალურ გაკეთებაზე", - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ ჩართვისას, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კუჭავამ ბახმაროს სტიქიაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ამაზე რწმუნებულთან ერთად ვისაუბრეთ, შესაბამისი აქტები მომზადდება და მიეწოდება საქართველოს მთავრობას, რომ მსგავსი წყალდიდობების შემთხვევაში ვიყოთ უფრო მზად“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, 22 ივლისს ძლიერმა ნალექმა კურორტ ბახმაროში პრობლემები შექმნა. კერძოდ, მცირე ღელეების და მდინარეების ადიდების შედეგად, შიდა გზებზე ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა სატრანსპორტო მოძრაობის გადაადგილება შეზღუდა.

როგორც ირაკლი კუჭავამ „საქმიან დილაში“ ჩართვისას აღნიშნა, ამ დროისთვის ყველა გზა გაწმენდილია.

„გუშინ სახელმწიფო უწყებებთან ერთად მთელი დღე ბახმაროში გახლდით. ფაქტობრივად, ყველა გზა გაწმენდილია. მათ შორის ჩოხატაური-ბახმაროს დამაკავშირებელი გზაც. გადაადგილება დილიდანვე აღდგა. გუშინვე მოეწყო ბახმაროში ორ უბანთან დაკავშირებული დროებითი სახიდე გადასასვლელი.

დღეს გაგრძელდება სამუშაოები და დაზიანებული წყალსადენების აღდგება“, - განაცხადა კუჭავამ.

როგორც ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, სტიქიამ პრობლემები არამხოლოდ ბახმაროში, არამედ მაღალმთიან სოფელ ზოტშიც შექმნა.

„იგივე არეალში მდებარეობს სოფელი ზოტი, მისი ერთ-ერთი უბანი - ნადაბური, სადაც რვა ოჯახი ცხოვრობს, მოწყდა გარე სამყაროს. ადიდებულმა ღელემ ქვა და ღორღი ჩამოიტანა, რომელიც მანამდე შეგუბდა. გუშინვე მოხდა მისი გაწმენდის დაწყება და დღეს ფაქტობრივად დასრულებულია. მოსახლეობასთან კომუნიკაცია აღდგენილია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები