მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია “ზოგადი განათლების რეფორმის” ხედვა და რა გამოწვევებია განათლების სისტემაში? - შალვა ტაბატაძის პასუხი

განათლება

გასულ კვირას განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, “ზოგადი განათლების რეფორმის” პრეზენტაცია წარადგინა, რომლის თანახმადაც, ზოგადი განათლების სისტემა “ქართულ იდენტობას” დაეფუძნება. გარდა ამისა, საუბარი იყო მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკის ცვლილებაზე და ეროვნული შეფასების შემოღებაზეც.

განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე “ზოგადი განათლების რეფორმის” პრეზენტაციას BMGTV-ის ეთერში აფასებს და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დებულებები მსჯელობის საშუალებას არ იძლევა, რადგან ისინი ძალიან ზოგადია.

“გარკვეული სიახლეები იყო, თუმცა იმდენად ზოგადი, რომ მსჯელობა საკმაოდ რთული იქნება. რეალურად, პრეზენტაცია და რიტორიკა ეროვნულ იდენტობაზე გარკვეული ჯგუფებისთვის იყო განკუთვნილი. წამოიჭრა რამდენიმე პრობლემაც, რომლებიც დაგროვდა განათლების სისტემაში და საზოგადოებისთვის აქტუალური იყო, რაც ცუდი არ არის, თუმცა არ ჩანდა ნათელი პერსპექტივა, როგორ შეცვლიდა ეს ყველაფერი განათლების სისტემას.

იქნება ეს სასკოლო სახელმძღვანელოების ნაწილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, ეროვნული შეფასება თუ სხვა - თითოეული ეს საკითხი ღრმა შესწავლის საკითხია და ზოგადად აღებული მიზნის ქვეშ, შესაძლოა, ისეთი სტრატეგია და ტაქტიკა შეიმუშაო, რომ წინააღმდეგობრივი შედეგები მიიღო. მით უმეტეს, როცა უკვე არსებობს ორი მსხვილი, კარგად გაწერილი და ჩამოყალიბებული, სტრატეგიული დოკუმენტი, სადაც განათლების კომპონენტი მეტი კონკრეტიკითაა აღწერილი - ამ კონტექსტში წარმოდგენილი ზოგადი მესიჯები უცნაურია”, - ამბობს შალვა ტაბატაძე.

განათლების მკვლევრის შეფასებით, გამოწვევები, რომელთა გადაჭრის გზებიც უნდა ყოფილიყო რეფორმებში წარმოდგენილი, PISA-ს ტესტის შედეგებმაც აჩვენა.

“ბოლო დღეებში აქტუალური იყო PISA-ს შედეგები და მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რომ ის გარდა კონკრეტული რიცხვებისა, ასევე დებს კონკრეტულ მიმართულებებს, რომლებშიც პოზიტიური ან ნეგატიური შედეგები იდება. ასევე განსაზღვრულია, რა მნიშვნელოვანი ფაქტორებია განათლების სისტემის განსავითარებლად საჭირო - ამ მიმართულებებზე განათლების სამინისტროსგან შემოთავაზებები არ ყოფილა.

ერთ-ერთი ასეთი საკითხი სკოლების ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული პოლიტიკის წარმოებაა. ჩვენ უნიფიცირებული პოლიტიკა გვაქვს და ყველა საჯარო სკოლას, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ერთსა და იგივე ინსტრუმენტებს ვაძლევთ. მნიშვნელოვანი საკითხია კლასის ზომაც, რომელიც განაპირობებს აკადემიურ მიღწევებს. სტრუქტურულ-ორგანიზაციული ფორმით ჩვენ გვაქვს განათლების სისტემა დატოვება საბჭოთა კავშირიდან და მას ვინარჩუნებთ. გვაქვს ორი უკიდურესობა - ძალიან მცირე და ძალიან დიდ კონტიგენტიანი კლასები, არც ერთი სისტემა არ მუშაობს - ამ თვალსაზრისით შემოთავაზება არ ყოფილა”, - ამბობს შალვა ტაბატაძე.

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელზეც განათლების მკვლევარი BMG-ის ეთერში საუბრობს, მასწავლებელთა დაბალი კომპეტენციაა, რაც ასევე განსაზღვრავს ბავშვის აკადემიურ მიღწევებს.

“მასწავლებლების კომპეტენცია და ადმინისტრაციული რესურსის კომპეტენცია - ეს ორი მნიშვნელოვანი საკითხი დგას, რომლებიც პირდაპირ განსაზღვრავს აკადემიური მიღწევის შედეგებს. მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ რეალობაში, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურება როცა იყო საჭირო და გამოცდის მინიმალური ზღვარი 60%-ით იყო განსაზღვრული, 60 ათასიდან კომპეტენცია 15 ათასმა დაადასტურა. დაბალი კომპეტენციის მასწავლებლები გვყავს სისტემებში და მაღალი კომპეტენციის წახალისებაც არ ხდება. არც ამ მიმართულებით გვქონია რამე ხედვა შემუშავებული”, - ამბობს შალვა ტაბატაძე.

“ზოგადი განათლების რეფორმის” პრეზენტაციაზე განათლების მინისტრმა მართლაც ისაუბრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე და აღნიშნა, რომ სტატუსის ამაღლების მთავარი მოტივაცია მათთვის დამატებითი შემოსავალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები