„რთულია გრძელვადიანი ცვლილებების მოლოდინი გვქონდეს. ვფიქრობ, ის არის დროებითი მინისტრი, რომელიც რაღაც პერიოდში შეასრულებს თავის მოვალეობას“, - ასე ეხმაურება განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე წულაძის დანიშვნას.
წულაძე “ოცნების მთავრობის” პირობებში მეშვიდე განათლების მინისტრია. მას 2023 წლის დეკემბრიდან გიორგი ამილახვრის მოადგილის პოსტი ეკავა. მიმდინარე წლის აგვისტოში კი მან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოსტი ჩაიბარა. განათლების სამინისტროში საქმიანობის დაწყებამდე ალექსანდრე წულაძე იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მისი სამუშაო გამოცდილება მხოლოდ სასამართლო სისტემას უკავშირდება, პარალელურად კი ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას.
განათლების სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, განათლების სექტორი პარტიული პოლიტიკით იმართება და სისტემაში ძირეული ცვლილებებია საჭირო, რისი მოლოდინიც ახალი მინისტრის პირობებში არ უნდა გვქონდეს.
„შესაძლო ცვლილებები, რაც განათლების სისტემაში შეიძლება გატარდეს, რთულად წარმომიდგენია, რადგან სისტემას ახასიათებს იმდენად რთული სტრუქტურული, სისტემური, მმართველობითი თუ ინსტიტუციონალური პრობლემები, რომელთა გადაჭრა ფართო ხედვით, სისტემის კარგი ცოდნით და განვითარებაზე ორიენტირებით სჭირდება. დღეს ამ ვითარებაში ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია.
რაც არ უნდა პროფესიონალი და კარგი მცოდნე სპეციალისტი იყოს მინისტრი, იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს ვართ, რაიმე ტიპის რეფორმების გატარებას და განხორციელებას ვერ შეძლებს, იმიტომ რომ ძირითადად არსებული რეფორმები ნაკარნახევია ხოლმე პარტიული ინტერესებით და ნაკლებად არის ქვეყნის განვითარების და ზოგადად განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში მაღალი პროფესიონალი მინისტრიც კი შეიძლება მოექცეს წნეხის ქვეშ და განუხორციელებელი დარჩეს იდეები.
ხშირად ვხედავთ ახალ მინისტრებს, 15 მინისტრი გამოვიცვალეთ ბოლო 20 წლის განმავლობაში, თითქოს მოდიან გარკვეული სურვილებით, ენთუზიაზმით და ხედვებით, თუმცა საბოლოო ჯამში გარდაიქმნებიან სტატუს-კვოს შემნარჩუნებელ ადამიანებად, რომლებიც ორიენტირებული არიან სისტემის შეჩერებაზე და არსებული ვითარების სტაბილურობაზე, ვიდრე განვითარებაზე და გრძელვადიან პერიოდით სისტემის წინ წაყვანაზე“, - აცხადებს „საქმის კურსთან“ ინტერვიუში შალვა ტაბატაძე.
განათლების მკვლევრის შეფასებით, ბოლო 12 წლის განმავლობაში პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს ცვლილებები უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, სკოლამდელი განათლების რეგულირების, ზოგადი განათლებისა და მასწავლებელთა საპენსიო ჯილდოს რეფორმის მიმართულებით, თუმცა როგორც ტაბატაძე ამბობს, სისტემაში ძირეული რეფორმა არ გატარებულა და ეს ცვლილებები ძირითადად იყო ფრაგმენტული. ამასთან, პარალელურად იყო ინიციატივები, რომელმაც ხელი შეუშალა სისტემის განვითარებას, მათ შორისაა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, რაც ტაბატაძის თქმით, ცალსახად არასწორი მიმართულება იყო და ეს აღიარეს კიდეც.