მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორც კი მოგროვდა საჩივრები და საეჭვო ფაქტები, ჩვენი ინიციატივით გავუგზავნეთ გამოძიებას | ნათია თურნავა ყეინიშვილის საქმეზე

ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილი

"როგორც კი ჩვენ ხელთ მოგროვდა საჩივრები და საეჭვო ფაქტები, თავად ჩვენი ინიციატივით გადავაგზავნეთ ეს სამართალდამცავ ორგანოებში", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ სებ-ის საბჭოს ყოფილი წევრის, ნანა ყეინიშვილის უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო ჩართულობის შესახებ მიმდინარე გამოძიებაზე. ნათია თურნავას განცხადებით, ობიექტური გამოძიებით პირველ რიგში ეროვნული ბანკი არის დაინტერესებული.

"რაც შეეხება ჩვენი ბორდის უკვე ყოფილი წევრის, ქალბატონი ნანა ყეინიშვილის საქმეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ სამწუხარო ფაქტია. მინდა დაგიდასტუროთ, რომ თუკი ვინმე არის დაინტერესებული იმაში, რომ დროულად გაირკვეს სიმართლე, ეს არის პირველ რიგში ეროვნული ბანკი, ჩვენი ბორდი და მე პირადად, იმიტომ რომ ჩვენი რეპუტაციული სტანდარტი არის საკმაოდ მაღალი.

თქვენ მოგეხსენებათ და ამაზე არაერთხელ ღიად განვაცხადეთ, რომ ჩვენ, როგორც კი ჩვენს ხელთ მოგროვდა ეს, ასე ვთქვათ, საჩივრები და საეჭვო ფაქტები, თავად ჩვენი ინიციატივით გადავაგზავნეთ ეს სამართალდამცავ ორგანოებში, პროკურატურაში, სადაც აღიძრა საქმე. ეს გავაკეთეთ ბევრად ადრე, ვიდრე ეს ფაქტები საჯარო გახდებოდა. ამაშიც გამოიხატება ჩვენი ძლიერი დაინტერესება.

თუ ამ პროცესში საჭირო იქნება რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდება გამოძიებისთვის ან კითხვებზე პასუხის გაცემა, ნებისმიერი ჩვენგანი, ისევე როგორც ნებისმიერი საჯარო მოხელე, ვალდებულები ვართ ვითანამშრომლოთ და მეც პირადად ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება", - აცხადებს ნათია თურნავა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას.

პროკურატურა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის "უკანონო სამეწარმეო საქმიანობას" სწავლობს. უწყების თანახმად, გამოძიება შპს „ბიტექსჩეინჯის“ (Bitxchange) ხელმძღვანელი პირების განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ნანა ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული ერთ-ერთი საწარმოს წილში შესვლას, რაც, განმცხადებლების მტკიცებით, მის ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას ისახავდა მიზნად. “რადიო თავისუფლების გამოძიების თანახმად, ნანა ყეინიშვილი სთხოვდა წილს "ბიტექსჩეინჯის" მფლობელს, რომელმაც სუსთან შეთანხმებით სებ-ის საბჭოს წევრი ფარულად ჩაწერა და 2024 წელს მასალა სუსს გადაუგზავნა, თუმცა სუსის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ორი წლის შემდეგ, 2026 წელს ეროვნულმა ბანკმა “ბიტექსჩეინჯი” ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით დააჯარიმა.

2026 წლის 10 ოქტომბერს ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი გადაწყვეტილებების შემუშავების/მიღების პროცესს დროებით ჩამოაშორა. ნანა ყეინიშვილმა კი 17 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები