მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„როგორც ქართველმა ვიცი, რომ ის ბრძოლა, რომელსაც უკრაინა მთლიანად ევროპისთვის აწარმოებს მნიშვნელოვანია“

საქართველოს პრეზინდეტი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა და სწორედ ეს დევს ახლა სასწორზე. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასწრებისას Deutsche Welle-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა მას კონფერენციაზე ჩამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტის მთავარ გზავნილზე ჰკითხა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უკრაინის მიერ წარმოებული ბრძოლა მთლიანად ევროპისთვისაა მნიშვნელოვანი.

„მთავარი საკითხი ისაა, რომ ჯერ კიდევ არაა ყველა პარტნიორის, ნატოს, ევროკავშირის მხრიდან უკრაინისადმი მასიური მხარდაჭერა, რომელიც მთავარი სოლიდარობის გამოხატულება უნდა იყოს. როგორც ქართველმა ვიცი, რომ მნიშვნელოვანია ის ბრძოლა, რომელსაც უკრაინა მთლიანად ევროპისთვის აწარმოებს. ჩვენ ვნახეთ რა ხდება, მაშინ როდესაც რუსეთი იჭრება სხვა ქვეყნებში, (ეს ჩვენთან ბოლო ორ საუკუნეში სამჯერ მოხდა), როდესაც საკმარისი მხარდაჭერა და რეაქცია არაა, და თუ რუსეთის არ შეაჩერებენ, ის განაგრძობს თავის ქმედებებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

Deutsche Welle-ს ჟურნალისტმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიც გაიხსენა:

- მართლაც, პრეზიდენტ სააკაშვილის დროს, 2008 წელს რუსეთის საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრისას, საქართველო აფრთხილებდა დანარჩენ ევროპას, რომ ამისგან გაკვეთილი უნდა ესწავლა. ეს გაკვეთილი, უკრაინამ 2014 წელს ისწავლა, როდესაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. რა პასუხებს იღებთ დღეს აქ მომავალზე და როგორ ხედავთ ევროპის ამჟამინდელ რეაქციას რუსეთის ამ აგრესიაზე?

- ვფიქრობ, ევროპამ რამდენიმე დღის წინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა უკრაინის მხარდასაჭერად 50 მილიარდი ევრო გამოყო და ვფიქრობ, რომ ეს დიდი მიღწევა იყო მთელი ევროპისთვის, რათა საკუთარი მონდომება ეჩვენებინა. იმავეს ელიან ამერიკის კონგრესისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საბოლოოდ მოხდება კიდეც. აქ მთავარია დრო და რაც უფრო ადრე მოხდება, უკეთესი. ვფიქრობ, სწორედ ამის სათქმელად იყო აქ პრეზიდენტი ზელენსკი. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთვის, მაგალითად, შავი ზღვა მთავარია, ეს არის ჩვენი სასიცოცხლო კავშირი ევროპასთან, მაგრამ ეს ასევე ევროპის საკითხიცაა. შავი ზღვის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა, სწორედ ეს დევს სასწორზე, როდესაც ვსაუბრობთ ყირიმზე-უკრაინაზე, საქართველოზე და რუსეთის გეგმებზე ააშენოს სამხედრო ბაზა შავი ზღვის სანაპიროზე. ეს ყველაფერი გავლენას მოახდენს მომავალ გეგმებზე, სტრუქტურული ინვესტიციების უფრო მეტად გაფართოებაზე, რითაც უნდა დაუკავშირდეს [ევროპა] დანარჩენ ცენტრალურ აზიას, რომელიც რესურსების ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა. აქ ბევრი რამ არის სასწორზე.

- ვიცი, რომ თქვენ ასევე გქონდათ საშუალება აქ, მიუნხენში, გასაუბრებოდით უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, რა გქონდათ შესადარებელი?

ჩვენ არაფერი გვაქვს შესადარებელი. ეს ყველაფერი უკვე შედარებულია. მე აქ ვარ მხოლოდ იმისთვის, რომ გამოვხატო ქართველი ხალხის თანადგომა და სოლიდარობა, რისი მოწმეც გახდება ყველა, ვინც საქართველოში ჩამოვა და თბილისში უამრავ უკრაინულ დროშას ნახავს. ასე რომ, მე აქ ამისთვის ვარ, რომ გამოვხატო ჩემი სოლიდარობა. მეტი არაფერი შემიძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია ამ დროისთვის, რადგან ჩვენ ვართ ასოცირებული ტრიოს ნაწილი, ახლა უკვე კანდიდატი ქვეყნები და რაც მთავარია, ჩვენ, მოლდოვასთან ერთად, ვართ სამი ქვეყანა, რომლებსაც ერთად სჭირდებათ შავი ზღვის უსაფრთხოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები