თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2026 წელს 5.5 მლნ მგზავრით დაასრულებს. როგორც „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ არა რეგიონში შექმნილი საომარი ვითარება, აეროპორტი წელს 6 მლნ მგზავრს მიიღებდა.
„ჩვენ 2025 წელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩავხურეთ 5 მლნ 400 ათასი მგზავრით. რომ არა საომარი ვითარება მსოფლიოში, ჩვენ წელს 6 მილიონ მგზავრს ველოდებოდით, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ საომარი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ წელს, ჩავხურავთ 5.5 მილიონი მგზავრით“ - აცხადებს თეა ზაქარაძე.
მისივე თქმით, მიუხედავად არსებული ვითარებისა - რაც გავლენას ახდენს საავიაციო სექტორზე, აეროპორტებში ზრდის პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება.
„რომ არა ეს კრიზისი, ჩვენ საოცარი მატება გვქონდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. თუმცა, ივნისი ძალიან პოზიტიური იყო. ბათუმში 40-პროცენტიანი მატება გვაქვს წინა ივნისთან შედარებით. ივლისის პირველ 10 დღეში კი, ბათუმში 40-პროცენტიანი მატება, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 5-პროცენტიანი მატება გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი მიმართულებები ემატება. იცით, რომ „ნორვეგიის ავიახაზებმა“ დაიწყო ოპერირება ჩვენს ბაზარზე და ასევე ველოდებით პირდაპირ მიმართულებას ასევე შანხაიში, რომელიც ასევე ერთ-ერთი ისტორიული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა ამ აეროპორტიდან“ - აცხადებს თეა ზაქარაძე.
2026 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამურად თითქმის 788 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-იან ზრდაა.
რაც შეეხება 2026 წლის I კვარტალს, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1 605 500 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას 4.28%-ით აღემატება.




























