“ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“ - კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე BMG-ის გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ პარლამენტის კანონშემოქმედებითი პროცესი, თუ როგორ შეაქვთ ცვლილებები კანონებში, ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. მისი შეფასებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ლეგიტიმური მიზანი არ აქვს, ხელისუფლების ბოლო პერიოდის ქმედებები კი წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან.
შეგახსენებთ, ერთპარტიული პარლამენტი დაჩქარებული წესით განხილავს ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი პროტესტის წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივები რიგი დარღვევებისთვის აწესებს ან ზრდის ფულად ჯარიმას და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადებს.
„ვერანაირ აღიარებულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს ასეთი მოქმედება, არამარტო შინაარსი ცვლილებების, არამედ ის პროცესი, როგორც შეაქვთ ეს ცვლილებები. ვერც ერთი და ვერც მეორე.
რა წერია კანონშემოქმედებით სახელმძღვანელოებში? აქსიომაა ის, რომ ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება, რაც არ არის აკრძალული კანონით, საჯარო ხელისუფლების ორგანოებს კი აქვთ მხოლოდ იმის უფლება, რის უფლებასაც მათ აძლევს კანონი. თქვენ და მე გვაქვს ყველაფრის უფლება, რაც კანონით არ არის აკრძალული.
კონსტიტუცია თუ სხვა კანონები იქმნება იმისათვის, რომ დაცული იყოს ადამიანთა უფლებები. ხელისუფლების ორგანოები კი იქმნება იმისათვის, რომ მათ უზრუნველყონ ამ უფლებათა დაცვა. კანონით ხელისუფლების ორგანოები აღჭურვილნი არიან ძალადობის განმახორციელებელი ინსტიტუტებითაც: პოლიციაა, ჯარია, თუ სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებია, ამიტომ მათ აქვთ შესაძლებლობა, ზემოქმედება მოახდინონ ადამიანებზე და არა მხოლოდ კანონის ფარგლებში, არამედ კანონის ნორმების დარღვევითაც. მაგალითად, თუ პირი არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, პოლიციას აქვს უფლება, ძალის გამოყენებით დააკავოს პირი, მაგრამ თუ მოთხოვნა არაკანონიერია, მას მისი დაკავების უფლება არ აქვს და თავად დაკავებაა უკანონო. ასეთი პოლიციელი არის დამნაშავე. როგორც კი პირს დააკავებენ, არანაირი ზემოქმედება ამ პირზე არ შეიძლება და ასეთი ზემოქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
ჯერჯერობით ბევრ კანონშია შენარჩუნებული ის ნორმები, რომელმაც ადამიანები უნდა დაიცვან ხელისუფლების თვითნებობისგან, ძალადობისგან, თუმცა ვხედავთ რომ ეს ძალადობა მაინც ხდება, რატომ ხდება? იმიტომ, როცა კანონი ამბობს, რომ აკრძალულია ასეთი მოქმედება, მაშინ დანაშაულის ჩამდენი უნდა დაისაჯოს. ვინ უნდა დასაჯოს? სასამართლომ. ამისთვის სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ხელისუფლებისგან. თუ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, ეს თვითნებობა შერჩება კანონის დამრღვევს. აი ასეთი ვითარება გვაქვს.
კანონი ამბობს, რომ შეზღუდვები უნდა იყოს აუცილებელი საზოგადოებისთვის, განა ხელისუფლებისთვის. მაგრამ თუ შეზღუდვა ემსახურება მხოლოდ ხელისუფლების ინტერესების დაცვას, თუ ხელისუფლება თვითნებობს, ადამიანს კი ეკრძალება რეაქცია ამ თვითნებობაზე და ამიტომ წესდება შეზღუდვები, ასეთი შეზღუდვა აღარ არის კონსტიტუციური.ასეთ რამესთან გვაქვს ახლა საქმე.
ეს შეზღუდვები კანონებში პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებას ერთი მხრივ და მეორე მხრივ, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება შეკრების თავისუფლებას. ახლა ჩვენ რომ გვქონდეს თავისუფალი, დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო, დარწმუნებული ვარ სასამართლო ამ ნორმებს გააუქმებდა, როგორც არაკონსტიტუციურს“,-აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
“ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული კანონპროექტებით, სასჯელი მკაცრდება ისეთი დარღვევებისთვის, როგორიც არის საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფა, სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ვანდალიზმი, შეკრებისა და მანიფესტაციის წესების დარღვევა და ა.შ.
მაგალითად, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის ჯარიმები 4-ჯერ იზრდება და 500 ლარის ნაცვლად 2000 ლარი იქნება. განმეორებითი დარღვევა ან ჯარიმას ან 60-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. ჩამონათვალი გამკაცრებული ნორმებისა საკმაოდ ვრცელია.