მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლება გასულია კონსტიტუციით დადგენილი წესრიგიდან - ვახტანგ ხმალაძე

ხმალაძე

„ვერანაირ აღიარებულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს ასეთი მოქმედება, არამარტო ცვლილებების შინაარსი, არამედ ის პროცესი, როგორც შეაქვთ ეს ცვლილებები. ვერც ერთი და ვერც მეორე“ - ასე ეხმიანება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „ქართული ოცნების“ იმ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო.

საუბარია „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებზე, რომელიც სასჯელს ამკაცრებს ისეთი დარღვევებისთვის, როგორიც არის საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფა, სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ვანდალიზმი, შეკრებისა და მანიფესტაციის წესების დარღვევა და ა.შ.

მაგალითად, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის ჯარიმები 4-ჯერ იზრდება და 500 ლარის ნაცვლად 2000 ლარი იქნება. განმეორებითი დარღვევა ან ჯარიმას ან 60-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. ჩამონათვალი გამკაცრებული ნორმებისა საკმაოდ ვრცელია.

კონსტიტუციონალისტი, მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, ვახტანგ ხმალაძე "რედაქტ2"-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ხელისუფლება თავისი კანონშემოქმედებით არღვევს კონსტიტუციის არაერთ მოთხოვნას და დამოუკიდებელი, თავისუფალი საკონსტიტუციო სასამართლოს პირობებში გაუქმდებოდა ყველა ნორმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიციირებულ კანონპროექტებშია და ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს.

“კანონშემოქმედებითი სახელმძღვანელოები ამბობს, რომ ყოველი შეზღუდვა ყოველ მხრივ უნდა გაანალიზდეს და არამარტო იმ თვალსაზრისით აუცილებელია თუ არა კონკრეტული მიზნის მისაღწევად, არამედ უნდა განისაზღვროს მიზანი რამდენად არის ლეგიტიმური. თუ მიზანი არალეგიტიმურია, იქ კითხვა უკვე იხსნება, მაშინ ასეთი შეზღუდვა არ შეიძლება დაწესდეს. თუ მიზანი ლეგიტიმურია, მაშინ ყველა შესაძლო შეზღუდვებისგან უნდა შეირჩეს ისეთი შეზღუდვა, რომელიც იქნება ყველაზე უფრო მსუბუქი, მაგრამ საკმარისი იმ მიზნის მისაღწევად. ეს ყველაფერი დღეს დარღვეულია.

ხელისუფლების მოქმედებები, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის მიუთითებს იმაზე, რომ არანაირ სამართლებრივ სახელმწიფოს მშენებლობაზე არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ის, რის აშენებასაც ისინი ცდილობენ, ეს არ არის სამართლებრივი სახელმწიფო. სამართლებრივ სახელმწიფოს აქვს თავისი განმარტებები, პრინციპები, საკმარისია ერთი პრინციპიც დაირღვეს, რომ უკვე ირღვევა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. ჩვენთან ირღვევა კონსტიტუციაც. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, არის არაკონსტიტუციური და არ შეიძლება განხორციელდეს.

ხელისუფლება გასულია კონსტიტუციით დადგენილი წესრიგიდან, დღეს კონსტიტუციური წესრიგი მნიშვნელოვნად არის დარღვეული. დღეს ხელისუფლება თავისი კანონშემოქმედებით, არღვევს კონსტიტუციის არაერთ მოთხოვნას და ეს გრძელდება“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები