ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, ეროვნულ ბანკში პრეზიდენტის ვაკანტური პოზიციის შესავსებად პროფესიონალებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია შეიქმნას, რომელიც სებ-ის საბჭოში გაწევრიანებისთვის პრეზიდენტის კანდიდატურებს შეარჩევს. რომან გოცირიძის შეფასებით, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია, რათა ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემული რეკომენდაცია შესრულდეს, რომელიც საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრავს 9 დათქმას და ამ დათქმებს შორის ერთ-ერთი ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ეხება. რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების საგამონაკლისო წესის მიღებამ ეროვნული ბანკი კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა, რასაც პრეზიდენტის და პარლამენტის ჩარევით ვითარების სტაბილიზაცია ესაჭიროება.
BMG საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს
საქართველოს ეროვნული ბანკში არსებული კრიზისის დაძლევის გზების შესახებ
ევროპული კომისიის მიერ საქართველოს შესახებ შემუშავებულ 2023 წლის 8 ნოემბრის დოკუმენტში არის ჩანაწერი საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ანგარიშის მიხედვით, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ეროვნული ბანკის მმართველობას შეეხება, უნდა განხორციელდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ინსტიტუციის დამოუკიდებლობას. ამასთან, ევროპული კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, რომელიც შეეხებოდა ანტირუსული სანქციების აღსრულების საკითხს და გამონაკლისის დაშვებას სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, კერძოდ, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობის მიცემას.
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო შეარყია ეროვნული ბანკის მიმართ საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის დამოუკიდებლობა. სანქციებთან მიდგომის შეცვლაზე შეშფოთება გამოხატა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და საქართველოსთან თანამშრომლობის პროგრამა შეაჩერა.
ეროვნული ბანკის საქმიანობა კრიზისამდეა მისული. 2023 წლის მარტში უფლებამოსილების ვადა ამოეწურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ეს პოზიცია დღემდე ვაკანტურია. ეროვნული ბანკის ოთხიდან სამმა ვიცე-პრეზიდენტმა თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს. თანამდებობა დატოვა ასევე ეროვნული ბანკის აპარატის წამყვან პოზიციებზე მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა.
შეიქმნა მდგომარეობა, როცა ცხრა წევრისგან შემდგარ ეროვნული ბანკის საბჭოში მხოლოდ ხუთი წევრია წარმოდგენილი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიცია კვლავ რჩება ვაკანტური. საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა ერთი პოლიტიკური პარტიის ხელშია, შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენილი კანდიდატის არჩევა დამოკიდებულია მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის ნებაზე.
საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა. გარდა ამისა, საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობაზე ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
ევროპული კომისიის ანგარიშში საუბარია ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად პროცედურების სრული დაცვით დამოუკიდებელი კანდიდატის დანიშვნის აუცილებლობაზე. არსებული მდგომარეობა, როცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ხანგრძლივად ანაცვლებს ვაკანტურ პოზიციას, ქმნის ინსტიტუტის მიმართ სანდოობის დეფიციტს.
ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის დამოუკიდებლობა კონსტიტუციითაა დაცული, რისი უზრუნველყოფაც კონსტიტუციურ ორგანოთა ვალდებულებაა. ამასთან, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასების შესახებ ევროპული კომისიის ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დამოუკიდებელი კანდიდატებით შევსება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, პროგრამის გაგრძელებისთვის კვლავ არსებითია საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცვა.
საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შექმნილი პოლიტიკური უთანხმოება აუცილებელს ხდის, რომ კრიზისის დასაძლევად დაიწყოს ეროვნული ბანკის საბჭოსთვის წევრობის კანდიდატების შერჩევა კონსენსუსის საფუძველზე.
ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრთა შევსებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევის მიზნით პოლიტიკური სუბიექტები და კონსტიტუციური ორგანოები უნდა შეთანხმდნენ თანამშრომლობის წესზე.
პრეზიდენტის, მმართველი პარტიის, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და პროფესიული წრეების ჩართულობით უნდა ჩამოყალიბდეს სპეციალური კომისია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს რეკომენდაციას მისცემს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კეთილსინდისიერი და კომპეტენტური კანდიდატის პარლამენტისთვის წარსადგენად, რათა პარლამენტმა ოპოზიციისა და უმრავლესობის მონაწილეობით, დამოუკიდებელი კანდიდატების არჩევით ხელი შეუწყოს ეროვნულ ბანკში არსებული კრიზისის დაძლევას.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე
რომან გოცირიძე