მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი დაემუქრა, რომ უფუნქციოს გახდიდა - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი
BM. GE
21.09.23 20:07
67

სალომე ზურაბიშვილი დაემუქრა ეროვნულ ბანკს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის სურვილს თუ არ მოარგებდა საკუთარ რეგულაციას, ეროვნული ბანკის საბჭოს უფუნქციოდ აქცევდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, ის რაც ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტისგან და მისი ადმინისტრაციისგან ვიხილეთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დიდია უპატივცემულობა, რომელსაც პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია იჩენს ქართველი ხალხის მიმართ.

უპირველესად, ვიხილეთ ზეწოლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებდა ეროვნულ ბანკის პრეზიდენტს, გადამდგარიყო. ასევე, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს კანდიდატებს, ვიდრე მისი შეხედულებით არ იქნება გამოცემული ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგულაციები. ეს არის პირდაპირი შანტაჟი ეროვნული ბანკის მიმართ, რომ მან ისეთი რეგულაციები მიიღოს, რომელსაც პრეზიდენტი ჩათვლის საჭიროდ. რაც მოვისმინეთ, ის იყო მუქარა, რომ პრეზიდენტი უფუნქციოდ გახდიდა ეროვნულ ბანკს იმ პირობებში, როცა ეროვნული ბანკის საბჭოში სამი წევრი გადადგა და საფრთხე იქმნებოდა, რომ საბჭოს წევრების რაოდენობა შეიძლება, დასაშვებ მინიმუმამდე ჩამოსულიყო. პრეზიდენტი დაემუქრა ეროვნულ ბანკს, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის სურვილს არ მოარგებდა საკუთარ რეგულაციას, ეროვნული ბანკის საბჭოს უფუნქციოდ აქცევდა.

ეს არის პირდაპირი ჩარევა საქმიანობაში, ზეწოლა შანტაჟის სახით, რაც გამაოგნებელია. მეორე მხრივ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პრეზიდენტის მხრიდან უპატივცემულობას როგორც კონსტიტუციის, ისე კანონმდებლობის მიმართ, რაც ძალიან მძიმეა. ეს არ არის უბრალოდ კონსტიტუციის ან რაღაც ნორმების უგულებელყოფა, ეს არის პოზიცია, რომელიც ამბობს იმასაც, რომ პრეზიდენტს არაფრად მიაჩნია ხალხის მიერ დადგენილი წესები, ის თავად აწესებს წესებს და ისე მოქმედებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები