საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა, რომლის შესრულებასაც მომავალ წელს აპირებს. გეგმაში ერთ-ერთ პუნქტად ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის განმტკიცებაა. BMG პარლამენტის თავმჯდომარისგან დაინტერესდა, თუ როგორ აპირებს მთავრობა სებ-ის დამოუკიდებლობის განმტკიცებას:
„რაც შეეხება ეროვნულ ბანკს - აქაც ჩვენ გვქონდა ისტერია, როდესაც ვნახეთ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, რომელიც სრულად დაფუძნებული იყო საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, ატეხეს ისტერია. ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ, რომ დამაზიანებელია ისტერია, დეზინფორმაცია და ყალბი ნარატივები ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ კრიტიკა მაშინაც იყო, როცა ნათია თურნავა ინიშნებოდა სებ-ის საბჭოში, პაპუაშვილი პასუხობს:
„რაც შეეხება თავად კანონს და [ნათია თურნავას] დანიშვნას, აქ სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციას უწყობს მთლიანად პროცესებს. ფაქტობრივად, საბოტაჟია მისი მხრიდან სხვადასხვა პოზიციებზე შერჩევის დროს - იქნება ეს ეროვნული ბანკი, ცენტრალური საარჩევნო კომისია თუ ა.შ. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს ხოლმე, რომ საბოტაჟს, რომელსაც ის აწარმოებს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ ხოლმე. ჩვენი, საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობაა, როდესაც ვხედავთ, რომ ხდება ამა თუ იმ ნორმაზე დაყრდნობით სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ბლოკირება, პარლამენტი ვალდებულია, ამაზე რეაგირება ჰქონდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.