მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან გოცირიძემ ანაკლიის პორტის წილების ფლობის შესახებ კანონპროექტი წარადგინა - მიზანი, რუსული გავლენის შემცირებაა

ანაკლია

პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატის, ფრაქცია ევროოპტიმისტების წევრის, რომან გოცირიძის კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც ტექსტის მიხედვით აწესრიგებს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის წილის ფლობისა და წილების გასხვისების საკითხებს, აგრეთვე კრძალავს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის წილების რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული პირებისთვის გადაცემას.

"ამ კანონის მიზნებისათვის რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული პირია რუსეთის ფედერაციის რეზიდენტი ფიზიკური, იურიდიული პირი ან/და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი. აგრეთვე, ნებისმიერი ქვეყნის ფიზიკური, იურიდიული პირი ან/და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც პირდაპირ ან/და ირიბად დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციასთან", - წერია პროექტში. თუმცა, არ არის დაკონკრეტებული რას ნიშნავს ირიბი კავშირები.

კანონის მესამე მუხლის მიხედვით,

  1. ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულებასა და ექსპლუატაციაში შესვლამდე ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის წილის 50%-ზე მეტს ფლობს საქართველოს სახელმწიფო;
  2. ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის წილის მფლობელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციასთან.

პროექტი კანონად ქცევის შემთხვევაში გამოქვეყნებისთანავე უნდა ამოქმედდეს, ხოლო რიგი საკითხები მთავრობის დადგენილებებით უნდა დარეგულირდეს.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების რეგულირებისთვის აუცილებელია, ამ კანონის მიღება.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით , რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხელისუფლების ანტიდასავლური განცხადებებისა და საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების ფონზე, მმართველი პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯები ქვეყანაში რუსული გავლენების გაზრდის საფრთხეს აჩენს. გარდა რუსული გავლენებისა, მაშინ, როდესაც ქვეყნის კონსტიტუცია უმაღლეს ორგანოებს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ნაბიჯების გადადგმას ავალდებულებს, სხვა არადემოკრატიული სახელმწიფოების სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე გავლენის ქონა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

კანონპროექტის ინიციატორს დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები