მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ადგილს იკავებს საქართველო Nomad Capitalist-ის პასპორტების ინდექსში?

საქართველოს პასპორტი

კონკრეტული ქვეყნის პასპორტის სიძლიერის გასაზომად მსოფლიოში ერთბაშად რამდენიმე ინდექსი გამოიყენება და თითოეული მათგანი განსხვავებულ მეთოდოლოგიას იყენებს. საინტერესო ხედვა აქვს საიმიგრაციო-საკონსულტაციო კომპანია Nomad Capitalist-ს, რომელმაც 2024 წლის პასპორტების ინდექსი გამოაქვეყნა. ქულა, რომელსაც ამა თუ იმ ქვეყნის პასპორტი იღებს, ამ შემთხვევაში, რამდენიმე პარამეტრს ეფუძნება, ესენია - უვიზო მიმოსვლა, საგადასახადო პოლიტიკა, საერთაშორისო რეპუტაცია, ორმაგი მოქალაქეობის უფლება და ადამიანის უფლებები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Nomad Capitalist-ის კლასიფიკაციაში, თითოეულ ამ პარამეტრს განსხვავებული წონა აქვს: ქულის ნახევარს, მაგალითად, უვიზო მიმოსვლა შეადგენს, საგადასახადო პოლიტიკაზე ქულის მეხუთედი მოდის, დანარჩენი პარამეტრები კი 10%-ითაა შეფასებული. როგორც Nomad Capitalist-ის ანგარიშში ვკითხულობთ, ასეთი კლასიფიკაცია ორგანიზაციამ იმის გამო აირჩია, რომ მხოლოდ უვიზო მიმოსვლის პარამეტრზე დაკვირვებამ, მათი შეფასებით, შესაძლოა, არასრული სურათი წარმოაჩინოს.

მაშ, ვინ ლიდერობს Nomad Capitalist-ის პასპორტების ინდექსში? საინტერესოა, რომ რეიტინგის პირველ ათეულში რვა ევროპული ქვეყანა მოხვდა. სიის პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს, რომელმაც განსაკუთრებით მაღალი ქულები მიიღო, როგორც უვიზო მიმოსვლის, ასევე საერთაშორისო რეპუტაციის, ორმაგი მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით. მეორე ადგილზე ირლანდიას ვხვდებით, რომელიც შვეიცარიას მხოლოდ ერთ პარამეტრში - უვიზო მიმოსვლაში ჩამორჩება, ისიც ერთი ქვეყნით, რადგან თუ შვეიცარიელებს უვიზოდ ან გამარტივებული სავიზო პროცედურებით შესვლა 176 ქვეყანაში შეუძლიათ, ირლანდიის შემთხვევაში, ეს რიცხვი 175-ია. მესამე ადგილზე კი პორტუგალიას ვხვდებით, რომელსაც ირლანდიის მსგავსი მონაცემები აქვს, ადამიანის უფლებების თუ არ ჩავთვლით - ამ მხრივ, სამხრეთული ქვეყანა 10-ქულიანი დეფიციტშია.

Nomad Capitalist-ის პასპორტების ინდექსის პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

#1 - შვეიცარია
#2 - ირლანდია
#3 - პორტუგალია
#4 - ლუქსემბურგი
#5 - ფინეთი
#6 - არაბთა გაერთიანებული საამიროები
#7 - ნიდერლანდები
#8 - ნორვეგია
#9 - გერმანია
#10 - ახალი ზელანდია

რომელ ადგილს იკავებს Nomad Capitalist-ის პასპორტების ინდექსში საქართველო? ამ რეიტინგში, ჩვენმა ქვეყანამ 84 ქულა დააგროვა და 71-ე ადგილს დასჯერდა - ამ ადგილს, საქართველო კოლუმბიასთან იყოფს. როგორც Nomad Capitalist-ის ანგარიშში ვკითხულობთ, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული სავიზო პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 130 ქვეყანაში შეუძლიათ. საგადასახადო პოლიტიკის კუთხით, საქართველომ 50-დან 40 ქულა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნიდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება. ასეთივე შედეგი აქვს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის კუთხით, რომელიც ფაქტობრივად მაქსიმალურად დადებითია. ორმაგი მოქალაქეობის კუთხით, საქართველომ 50-დან 30 ქულა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ, მაგრამ ამ წესს ბევრი გამონაკლისი აქვს. 50-დან 40 ქულა მიიღო საქართველომ ადამიანის უფლებების კუთხით, რაც ნიშნავს, რომ ამ მხრივაც შედარებითი თავისუფლება ფიქსირდება.

ამგვარი პოზიციონირებით, საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი, ალბანეთი, მოლდოვა, რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი და აზერბაიჯანი. გამოდის, რომ Nomad Capitalist-ის მიერ შედგენილ რეიტინგში, საქართველო რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები