მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ კომპანიებს გადასცემს მთავრობა საკუთრებას პირდაპირი მიყიდვის წესით? - განკარგულებები

642c198e37dda
შოთა ტყეშელაშვილი
04.04.23 16:39
1062
მთავრობის ადმინისტრაციაში 3 აპრილს გამართულ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ იმსჯელეს. ასევე განსახილველ საკითხთა შორის იყო უკვე გასხვისებული ქონებების საპრივატიზაციო პირობებში ცვლილებების შეტანაც. აღნიშნული პროექტები მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარადგინა.

მთავრობის განკარგულებების ჩამონათვალი:

1) საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „არაგვი რეზორტი წილკანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია „არაგვი რეზორტი წილკანი” 2022 წლის აგვისტოში დაფუძნდა. კომპანიის მფლობელია ბიზნესმენი გიორგი როსტიაშვილი, რომელიც ამავდროულად მისი დირექტორიცაა.

ჯერჯერობით უცნობია უშუალოდ რა უძრავ ქონებას შეისყიდის კომპანია სახელმწიფოსგან, ასევე უცნობია რა თანხას გადაიხდის კომპანია მასში. ამის მიზეზია ის, რომ მთავრობა მის მიერ მიღებულ განკარგულებებს რამდენიმე წელია აღარ ასაჯაროებს.

2) საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გრეიპ ლენდი grape land“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, “გრეიპ ლენდი” 2013 წლის სექტემბერში არის რეგისტრირებული. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ბიზნესმენი გიორგი სალაყაიაა. ჯერჯერობით უცნობია უშუალოდ რა უძრავ ქონებას შეისყიდის კომპანია სახელმწიფოსგან, ასევე უცნობია რა თანხას გადაიხდის კომპანია მასში.

3) საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „არაზინდოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, შპს “არაზინდო” 1999 წელს არის დაფუძნებული და ის შუამავალი კომპანიების მეშვეობით, ბიზნესმენ თემურ უგულავას საკუთრებაში არსებული ჰოლდინგის - “სითი ლოფტის” საკუთრებაშია. ჯერჯერობით უცნობია, უშუალოდ რა უძრავ ქონებას შეისყიდის კომპანია სახელმწიფოსგან, ასევე უცნობია რა თანხას გადაიხდის კომპანია მასში.

4) საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენგური 2006-ისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის N10/07/06 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ნიუ ქონსთრაქშენის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის N649 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „მ2 სვანეთის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, შპს „მ2 სვანეთი” “საქართველოს კაპიტალის” ჰოლდინგის შემადგენლობაში შემავალი კომპანიაა და მისი მესაკუთრეა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია სს “საქართველოს უძრავი ქონება”. ჯერჯერობით უცნობია, უშუალოდ რა საპრივატიზაციო პირობების ცვლილებას ითვალისწინებს ეს შეთანხმება, ასევე უცნობია რომელ ობიექტს ეხება ის.

5) საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგისა“ და შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“- ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1369 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, კომპანია “GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“ ჰუალინგ ჯგუფის შემადგენლობაში შედის და ის ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას მართავს. ასევე ქუთაისის თიზ-ში ოპერირებს კომპანია „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგი”, რომლის ძირითადი პარტნიორები ეგვიპტის მოქალაქეები არიან. უცნობია რა მიმართულებით შეიტანა მთავრობამ ამ კომპანიებთან დაკავშირებულ განკარგულებაში ცვლილებები.

6) საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „პრაიმ ბეტონის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”.

“პრაიმ ბეტონი” საქართველოში ბეტონის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს კომპანიის შემოსავალი 40 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 3 მილიონი ლარი იყო.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანიის 65%-იან პაკეტს ფლობს შპს ”პრაიმ მენეჯმენტ კომპანი”, რომლის პარტნიორებიც თავის მხრივ ბიზნესმენები გიორგი ახვლედიანი, ზურაბ დავლიანიძე და ალექსანდრე სოკოლოვსკი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები