“ერთ-ერთი დამატებითი ღირებულება, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ - არჩევანის თავისუფლებაა, რომელიც გულისხმობს თავისუფლებას, როგორც კონტენტის, ასევე იმ მოწყობილობების არჩევის მხრივ, რომლებზეც მაყურებელი კონკრეტულ კონტენტს მოიხმარს”, - ამის შესახებ TECH INFORM-ში სტუმრობისას Setanta Sports-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა და პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელმა, ლევან გვარამიამ განაცხადა.
როგორც გვარამია ამბობს, კომპანიაში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ იმ მოწყობილობების ჩამონათვალის შექმნაზე, რომელზედაც Setanta Sports-ის აპლიკაცია იქნებოდა ხელმისაწვდომი და საბოლოოდ, სიაში მოხვდა, როგორც ვებპორტალი, ასევე ჭკვიანი ტელევიზორები (მათ შორის Android TV) და მობილური ტელეფონების ორი ძირითადი სისტემა - Android-ი და iOS-ი.
Setanta Sports-ის პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელმა TECH INFORM-ში პლატფორმის სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრიმინგ-აპლიკაციას, ყველაზე ხშირად, სმარტფონებში იყენებენ.
“რეალურად, მობილური მოწყობილობების გამოყენების მაჩვენებელი 60%-ზე მაღალია. არჩევანის თავისუფლება, რომელიც ახლახან ვახსენე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ამ ინდუსტრიაში შინამეურნეობის (ინგლ. “household”) ცნება არსებობს. თითოეულ შინამეურნეობაში ან ოჯახში, ადამიანებს განსხვავებული გემოვნება და ინტერესები აქვთ. შესაბამისად, როცა რომელიმე ქვეყანაში, ოჯახში, სტატისტიკურად, სამი ან ოთხი ადამიანი ცხოვრობს, ინტერესები იყოფა. ამ ინტერესებისთვის რომ გვეპასუხა, ჯერ აპლიკაცია შევქმენით, შემდეგ კი ამ აპლიკაციაში კონტენტის მრავალფეროვნება გავაჩინეთ, რომლის მოხმარება მაყურებელს სურვილისამებრ შეუძლია, როგორც პირდაპირ ეთერში, ასევე ჩანაწერში”, - აღნიშნავს ლევან გვარამია TECH INFORM-ში სტუმრობისას.
Setanta Sports-ის დირექტორთა საბჭოს წევრი ამბობს იმასაც, რომ კომპანიის მიერ შექმნილი აპლიკაციის სხვადასხვა ვიდეოკონტენტის მისაღებად გამოყენება ოჯახის რამდენიმე წევრს ერთდროულად, მაგრამ სხვადასხვა მოწყობილობებიდან შეუძლია.