მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ ქართულ პროდუქციას აქვს თურქეთში ექსპორტის პოტენციალი?

61fbca665d835
მარიამ ვარადაშვილი
04.02.22 00:00
1676

ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. როგორც მან BMG-ის უთხრა, მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ინვესტიციების კუთხით ურთიერთობის კიდევ უფრო გააქტიურებაა. 

“ვაპირებ მოვიკვლიო რა პროდუქტები შეიძლება გავიდეს თურქულ ბაზარზე. ყურადსაღებია, რომ იმპორტთან შედარებით, თურქეთში ექსპორტი მცირეა. ვაჭრობის გარდა, ჩვენი მიზანია საქართველოში ბევრი უცხოელი ინვესტორი შემოვიყვანოთ, რათა უფრო მეტი ქართველი დასაქმდეს ქვეყანაში და საზღვარგარეთ წასვლა არ მოუწიოთ”, -აცხადებს ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე.

მისივე თქმით, საქართველოში წარმოებულ პროდუქტებს, იქნება ეს მინარალური წყალი, თაფლი თუ სხვა, თურქული ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს.

“სამწუხაროდ, იმდენ პროდუქტს არ ვაწარმოებთ, რომ თურქეთიდან იმპორტს კონკურენცია გავუწიოთ. გასაგები მიზეზების გამო, რადგან თურქეთი დიდი ქვეყანაა. ამის მიუხედავად, შეგვიძლია თუნდაც უფრო მეტი მინერალური წყალის გატანა თურქეთის ბაზარზე, ასევე არის თაფლიც, რომლის გატანაზეც მოლაპარაკებებს ამ ეტაპზეც ვაწარმოებთ. ასევე შეიძლება ჩირის გატანა. მოლაპარაკებებს დავიწყებ ეკონომიკის სამინისტროსთან და საელჩოებთანაც იმაზე, თუ რომელი ქართული პროდუქტები შეგვიძლია გავიტანოთ თურქულ ბაზარზე. თურქეთი თაფლს აწარმოებს, მაგრამ გვინდა, რომ ქართული თაფლიც გავიდეს ამ ბაზარზე. დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ახლო მომავალში შესაძლოა თაფლის ექსპორტი განვახორციელოთ”, - განაცხადა მან.

კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე მუშაობას აპირებს, ინვესტიციებია. მისი თქმით, საქართველოს კონკურენტული უპირატესობა ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებაა, რაც შესაძლებლობას იძლევა კვოტირების გარეშე გაიტანო პროდუქტი, მაშინ როცა თურქეთს ევროგაერთიანებისგან ამ მხრივ კვოტა აქვს დაწესებული. 

“უფრო მეტი ინვესტიციის შემოსვლის საშუალება არსებობს. მეტიც, მზაობა არის იმის, რომ ტექსტილის სფეროში კიდევ შეიძლება ინვესტიციები განხორციელდეს. კომპანიებს ვერ დავასახელებ, თუმცა მოლაპარაკებები გვაქვს. შეხვედრა იგეგმება სტამბოლში და ამის შემდეგ შემეძლება დეტალებზე საუბარი. მხოლოდ ტექსტილი არ არის, სხვა სფეროებშიც შეიძლება თურქი ინვესტორების დაინტერესება, იქნება ეს ენერგეტიკა თუ სხვა”,-ამბობს ის. 

თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე მთავრობასთან კომუნიკაციის გააქტიურებასაც გეგმავს: “უფრო მეტი კომუნიკაცია გვინდა მთავარობასთან. არ ვამბობ რომ ახლა არ გვაქვს, თუმცა უფრო მეტია საჭირო”.

თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საექსპორტო ქვეყანაა. გასულ წელს 2020 წელთან შედარებით თურქეთში ექსპორტი 69%-ით გაიზარდა და 322 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამასთან, 2021 წელს მთლიან ექსპორტში თურქეთის წილი თითქმის 8%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება იმპორტს, თურქეთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანაა და მისი წილი მთლიან იმპორტში 2021 წელს 18%-ს აჭარბებდა. მეტიც, გასულ წელს თურქეთიდან იმპორტი წლიურად თითქმის 30%-ით გაიზარდა. ჯამში ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვა 2 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები