რუსეთის მოქალაქეების მიერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და თურქეთში უძრავი ქონების შეძენის მაჩვენებელი 2024 წლის პირველ კვარტალში 82% და 88%-ით შემცირდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია RBC კომპანია Russia Sotheby’s International Realty-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც რუსეთის საზღვრებს მიღმა უძრავი ქონების გაყიდვითაა დაკავებული და ამ სტატისტიკასაც კომპანიის გარიგებების საფუძველზე იძლევა.
2023 წლის პირველ კვარტალში თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები რუსებისთვის უძრავი ქონების შეძენის თვალსაზრისით ყველაზე პოპულარული ქვეყნები იყო, რა დროსაც ამ ქვეყნებზე კომპანიის გარიგებების 42.3% მოდიოდა. მიმდინარე წელს კი მათი წილი 5.5-ჯერ 7.7%-მდეა შემცირებული.
„2022 წელს თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები აჟიოტაჟური მოთხოვნით სარგებლობდნენ, რაც 2023 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა. გლობალური ტურბულენტობის პირობებში თურქეთი და არაბთა გაერთიანებულმა საამიროები რუსებს ნეიტრალური პოლიტიკით, შეძენის გამარტივებული პირობებით, პირდაპირი ფრენებითა და უვიზო მიმოსვლით იზიდავდნენ. თურქეთში უძრავი ქონების შეძენის მთავარი ფაქტორი ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მიღების პროგრამა იყო. არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, განსაკუთრებით დუბაის კი რუსები ირჩევდნენ როგორც კაპიტალის შენახვის სანდო სავანედ ირჩევდნენ“, - განუმარტეს RBC-ის Russia Sotheby’s International Realty-ს მმართველმა დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, მოგვიანებით ვითარება შეიცვალა და ამ ქვეყნების მიმართ ინტერესიც შემცირდა. თურქეთის შემთხვევაში მოთხოვნის შემცირებაზე გავლენა თურქული ლირას ინფლაციამ და ფასების უკონტროლო ზრდამ, ასევე ბინადრობის მისაღებად შესვლის ბარიერის $70 000-დან $200 000 დოლარამდე გაზრდა და მოკლევადიანი გაქირავების ახალი პირობების ამოქმედებამ იქონია. კომპანიაში განმარტავენ, რომ დუბაის შემთხვევაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში საამიროებში არაკეთილსინდისიერი მშენებლების რაოდენობა გაიზარდა, რამაც მოთხოვნაზე იქონია გავლენა. გარდა ამისა, 2022-2023 წლებში უძრავ ქონებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ მისი ღირებულება საბაზრო ღირებულებაზე ბევრად მაღალი გახადა.
თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან შემცირებულ მოთხოვნაზე საუბრობენ საბროკერო კომპანია Tranio-შიც, რომელთა მონაცემებით 2024 წლის პირველ კვარტალში თურქეთში გარიგებების რიცხვი 30%-ით, საამიროებში კი მეოთხედით შემცირდა. მაშინ როდესაც 2023 წელს ეს ქვეყნები რუსების მიერ უძრავი ქონების შეძენის ყველაზე მაღალმოთხოვნად ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილებს იკავებდნენ.2024 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროები მესამე ადგილზეა, ხოლო თურქეთი მეხუთეზე.
RBC წერს, რომ 2024 წელს ექსპერტების დაკვირვებით, რუსების საზღვარგარეთ ქონების შეძენის კუთხით გეოგრაფია შეცვლილია. თუ გასულ წელს, მოთხოვნის მიხედვით, პირველ სამეულში არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი და კვიპროსი იყვნენ, წელს ომანი, საბერძნეთი და ესპანეთი არიან. პირველ კვარტალში რუსების მხრიდან უძრავი ქონების შეძენაზე გარიგებები ომანში 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 87.5%-ით გაიზარდა, რადგან ექსპერტების განმარტებით, ამ ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ სექტემბრიდან გახდა ხელმისაწვდომი.
ომანში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდას, ექსპერტები ქვეყანაში დაშვების დაბალი ბარიერებით ხსნიან, ვიდრე მაგალითად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ან კატარშია, და ასევე ღირებულების უფრო მაღალი საინვესტიციო ზრდის პოტენციალით. ომანის პოპულარობას ასევე განაპირობებს ტურიზმის განვითარება, გადახდებთან დაკავშირებით სირთულეების არარსებობა და მიმზიდველი გადასახადები. რუსებისთვის უძრავ ქონებაში ინვესტირებისას ასევე საინტერესოა ტაილანდი და ინდონეზია. 2024 წლის პირველ კვარტალში ამ ქვეყნებზე Russia Sotheby’s International Realty-ს ტრანზაქციების 13.4% მოდიოდა.
ამავე დროს კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსების მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებში უძრავი ქონების შეძენაზე ინტერესი გაზრდილია და პირველ კვარტალში ამ მიმართულებაზე გარიგებების 43% მოდიოდა. კონკრეტულად კი ექსპერტები მოთხოვნის ზრდას საბერძნეთისა და ესპანეთის მიმართულებით აფიქსირებენ, სადაც გარიგებების რაოდენობა საბერძნეთის შემთხვევაში 46.6%-ით, ხოლო ესპანეთში 40%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ამ ქვეყნებში მოთხოვნის ზრდას ინვესტიციების სანაცვლოდ ბინადრობის უფლების მიღების შესაძლებლობით ხსნიან.
ზოგადად, 2024 წლის პირველ კვარტალში რუსების მიერ უცხოურ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების რაოდენობა, Russia Sotheby's International Realty-ის მონაცემებით, 12%-ით შემცირდა. ეს კი თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ვარდნითაა გამოწვეული, რაც მოთხოვნის თითქმის ნახევარს შეადგენს.