მსოფლიოში უძრავი ქონების ფასი მზარდ ნიშნულზეა. სახლების ღირებულება იზრდება ევროპაშიც. მაგალითად უნგრეთში, 2015 წლიდან დღემდე უძრავი ქონება 166%-ზე მეტით გაძვირდა.
ინფლაციის ფონზე, თურქეთის ქალაქ სტამბოლში ბინის ღირებულება შეიძლება ითქვას, რომ კონკურენციას უწევს ისეთ ძვირად ღირებულ ქალაქებს, როგორიც არის პარიზი და ლონდონი. ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ თურქეთში, განსაკუთრებით კი სტამბოლში უძრავი ქონების ფასი 12-ჯერ მაღალია ვიდრე ცხრა წლის წინ იყო. 2015 წლიდან მოყოლებული ღირებულება თითქმის ყოველ წელს იზრდებოდა, საბოლოოდ კი მატებამ პროცენტებში - 1194% შეადგინა.
OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა, როგორიცაა შვედეთი და ფინეთი, სახლების ღირებულების კუთხით, ყველაზე მცირედი ცვლილება განიცადეს. უფრო კონკრეტულად, აღნიშნულ ქვეყნებში 2015 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი სახლების ნომინალური ფასები 4%-იან ზრდას აჩვენებს.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში საცხოვრებელი სახლების გაძვირება 2015 წლიდან იწყება, ფასის განსაკუთრებული მატება 2021 წლიდან ხდება შესამჩნევი. პიკს 2022 წელს აღწევს, როცა ღირებულების ზრდამ 168 პროცენტი შეადგინა. 2023 წელს კი 76%.
თურქეთთან ერთად, უძრავი ქონების ფასების პიკური ზრდა, ევროპასა და შეერთებულ შტატებში 2022 წლის ბოლოდან იწყება. ეს არის პერიოდი, როდესაც ამ ქვეყნების ცენტრალური ბანკები, მაღალი ინფლაციის დასაძლევად, საპროცენტო განაკვეთებს ზრდიან, ეს კი ქვეყნებში იპოთეკის ღირებულებას აძვირებს.
ექსპერტები თურქეთში უძრავი ქონების ფასების ზრდის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. ვალუტის მერყეობა, თურქული ლირას დევალვაცია, ინფლაციის მაღალი ტემპები, გაძვირებული სამშენებლო ხარჯი და პანდემიის შემდგომ, უძრავ ქონებაზე მაღალი მოთხოვნა - ეს არის ფაქტორები, რომლითაც ექსპერტები საცხოვრებლების 1194%-ით გაძვირებას ხსნიან. Ისინი უძრავი ქონების ბაზარზე მიწისძვრების გავლენასაც გამოყოფენ. ექსპერტები განმარტავენ, რომ მიწისძვრები, რომელმაც ქვეყნის 11 ქალაქი დააზარალა, უძრავი ქონების ღირებულება გაზარდა, რადგან კატასტროფული გამოცდილების შედეგად, ადამიანებს სურთ მათი საცხოვრებლები უფრო მეტად დაცული და მდგრადი იყოს.
თურქეთის მოსახლეობა უძრავ ქონებას ძირითადად ბანკის დახმარების გარეშე ყიდულობს, რადგან იპოთეკა საგრძნობლად გაძვირდა. ინფლაციის მაღალმა დონემ, რომელმაც ბოლო მონაცემებით დაახლოებით 70% შეადგინა, ცენტრალური ბანკი აიძულა გაემკაცრებინა მონეტარული პოლიტიკა. შედეგად, თუ 2023 წელს საპროცენტო განაკვეთი 8.5% შეადგენდა, 2024 წლის იანვარში მან 45%-იან ნიშნულს მიაღწია. შედეგად, თურქეთში იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი წლიური 40%-ია. სწორედ ამიტომ, 2023 წლის განმავლობაში, თურქეთში გაყიდული სახლების მხოლოდ 15%-ზე ნაკლები შეიძინეს იპოთეკური სესხის დახმარებით.
თურქეთში უძრავი ქონების მყიდველებს შორის ჭარბობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. 2022 წლიდან კი, თურქეთში უცხოელებს შორის ყველაზე მეტი უძრავი ქონება რუსებმა იყიდეს. რუსების გარდა, თურქეთში უძრავი ქონების შესყიდვასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ ინტერესს ირანელები გამოხატავენ. მეტი სიზუსტისთვის, ოფიციალური მონაცემები, რომელსაც ევრონიუსი აქვეყნებს, გვეუბნება, რომ 2023 წელს თურქეთში 1.2 მილიონი სახლიდან, 35 000 უცხოელებზე გაიყიდა, ამ სახლების დაახლოებით 30% კი რუსებმა შეიძინეს.
რუსებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებები ანტალია, სტამბოლი და მერსინია. სწორედ რუსი მიგრანტების ასეთ ინტერესს უკავშირებენ თურქეთის ამ ქალაქებში უძრავი ქონების რეკორდულ გაძვირებას. მაგალითისთვის, მხოლოდ ანტალიაში, ფასთა მატება 230%-ს შეადგენს
თურქული ლირის გაუფასურების ფონზე, თურქები უძრავი ქონების შეძენას ვეღარ უმკლავდებიან. თურქეთის მოქალაქეების შესაძლებლობების შეზღუდვამ კი რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები გაააქტიურა. ბოლო მონაცემებით, ჩანს, რომ რუსების ინტერესი თურქეთს სცდება. მათი ყურადღება ახლა კვიპროსისკენ არის მიმართული, სადაც უძრავი ქონების რუსი მყიდველების წილი ეტაპობრივად და სტაბილურად იზრდება.