Check in travel-ის დირექტორი, ლევან ოსეფაიშვილი BM.GE-სთან ზამთრის სეზონზე ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ მიმართულებებზე საუბრობს.
მისი ინფორმაციით, ყველაზე აქტიურად ამ პერიოდში თბილი ქვეყნები იჯავშნება. როგორიცაა, მაგალითად არაბთა გაერთიანებული საამიროები, მალდივები და ტაილანდი.
"ზამთარში ძირითადად თბილი ქვეყნები, კერძოდ არაბთა გაერთიანებული საამიროები, მალდივები და ტაილანდი იჯავშნება. ასეთ ადგილებში ძირითადად წყვილები ან მეგობრები მიემგზავრებიან. ასევე უპირობო ლიდერია ეგვიპტის მიმართულება, რომელსაც ჩავარდნა არცერთ სეზონზე არ აქვს. ზამთარში ასევე ძალიან მოთხოვნადია ევროპის მიმართულებები, რადგან ამ ქვეყნებში საშობაო ბაზრობები იმართება.
რაც შეეხება ტურების ღირებულებას, ფასები განსხვავებულია მიმართულებებისა და ტურისტული პაკეტის ტიპის მიხედვით. მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროები უფრო ბიუჯეტურია, განსაკუთრებით თუ ქუთაისიდან მიფრინავ. თუმცა, თბილისიდანაც ტურისტული პაკეტები უკვე იმდენად იაფია, რომ ამ მიმართულებით ერთი ადამიანი შეიძლება 700-900 ლარის ფარგლებში გაემგზავროს. რაც შეეხება მალდივებს, აქაც ფასები ფიქსირებული არ არის. შეიძლება ერთმა ადამიანმა 4000 ლარის ფარგლებში იმოგზაუროს და შეიძლება 6000 ლარის ფარგლებში",- განმარტავს ოსეფაიშვილი.
Check in travel-ის დირექტორი ოქტომბერს აფასებს და აღნიშნავს, რომ თვე ძალიან კარგია. მისი თქმით, ამ პერიოდში აქტიურად იჯავშნება ანტალია, ეგვიპტე, კვიპროსი. ანუ, ამ პერიოდში ბიუჯეტური მიმართულებები ძალიან აქტიურია.