მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში იყიდება ქართული ჩაი და რა სახეობაზეა მოთხოვნა?

619a5a6421e91
დავით ჯალაღონია
22.11.21 00:15
1558
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე მილიონ 220 ათასამდე დოლარის ჩაი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60.8%-ით მეტია. მთავარი საექსპორტო ქვეყნებს შორის მონღოლეთთან ერთად თურქმენეთი, ბელარუსი, უკრაინა და ყაზახეთია.

როგორც ირკვევა, მონღოლეთში ქართულ ე.წ. აგურა ჩაიზე მოთხოვნა იზრდება, რამაც ეს ქვეყანა ჩაის საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალში დააწინაურა. BMG სწორედ აღნიშნული დასახელების ჩაის ერთ–ერთ მწარმოებელსა და ექსპორტიორს, "თერნალი ჩაის" მფლობელს ფრიდონ ჩიტიძეს დაუკავშირდა, რომლის საწარმო ქუთაისში მდებარეობს და ამ ეტაპზე, მოსახლეობისგან მიღებულ ნედლეულს გადაამუშავებს.

მეწარმე ამბობს, რომ მონღოლეთის მიმართულებით ექსპორტს წლიდან წლამდე 20%-ით ზრდის.

"ამ ეტაპზე ძირითადად, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ხობის, ტყიბულისა და წყალტუბოს ზონის სოფლების მოსახლეობისგან ვღებულობ ჩაის. ჩემს საწარმოში, მხოლოდ და მხოლოდ მწვანე, "აგურა ჩაის" ვაწარმოებ. ეს არის სრულად საექსპორტო პროდუქცია, რომელიც მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე, რუსეთის ფედფერაციის დაღესტნის რესპუბლიკაში მცირე რაოდენობით გადის.

ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, მიმდინარე წელს, ყოველთვიურად ჩემი მონღოლი პარტნიორი ერთ ვაგონს ანუ 60 ტონას ითხოვს. წლებია უკვე მასთან ვმუშაობ და რამდენადაც შეიძლება ხარისხის ზრდა ამ პროდუქტთან დაკავშირებით, ვცდილობ, ყოველწლიურად გავზარდო ხარისხი და შესაბამისად, წარმოებისა და მიწოდების მოცულობა.

წელს ექსპორტზე 480 ტონა ჩაი გავიტანე. მოთხოვნა მონღოლეთის მხრიდან მზარდია. ბოლო პერიოდში კილოგრამის ფასი გაძვირდა და 65 ცენტი გახდა, მანამდე 50 ცენტად იყიდებოდა. 4-5 თვეა, რაც კილოგრამის ფასი გაიზარდა", – განაცხადა ფრიდონ ჩიტიძემ და დასძინა, რომ თავად, ერთ კილოგრამ ჩაის ფოთოლს, ანუ ნასხლავ ჩაის, მოსახლეობისგან 30-35 თეთრად ყიდულობს.

ჩაის ექსპორტიორი მხოლოდ მოსახლეობისგან მიღებული ნედლეულის გადამუშავებაზე გაჩერებას არ აპირებს და ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პლანტაციის იჯარით აღებას გეგმავს.

"უკვე ვისაუბრეთ თბილისში შესაბამის სამსახურთან, ვინც კურირებს იჯარით გაცემას და დაგვაკვალიანეს, როგორ და რა უნდა გავაკეთოთ.

მომავალ წელს, რეაბილიტირებული ფართობებიდან მიღებული ნედლეულით შემიძლია, მონღოლეთის ბაზრის მოთხოვნა დავაკმაყოფილო და მეტი რაოდენობის ჩაი ვაწარმოო. ჩვენს საწარმოს, ამ დანადგარებით, 60-65 ტონა ჩაის გადამუშავება შეუძლია. საჭიროების შემთხვევაში, გადაიარაღებას გავაკეთებთ", – აღნიშნა მან.

ცნობისთვის: BMG-ს მიერ სოფლის განვითარების სააგენტოსგან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში "ქართული ჩაი" ჩართულია 52 ბენეფიციარი. პროგრამის ფარგლებში, 1,655 ჰა-ზე (რეაბილიტაცია დასრულებულია 971ჰა-ზე, 92 ჰა-ზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, 592 ჰა ელოდება იჯარის ხელშეკრულებას.) ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია ხორცილდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 4,805,376 ლარია, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება არის 3,346,770 ლარი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო ყოველწლიურად დაახლოებით 2.4 ათას ტონა ჩაის ფოთოლს ამუშავებს.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის სამ კვარტალში, ჯამურად 1 მლნ 219.6 ათასი აშშ დოლარის მოცულობის ჩაი გავიდა ექსპორტზე, საიდანაც 21.8% მონღოლეთზე მოდის.

მონღოლეთთან ერთად უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ხუთეულშია თურქმენეთი – 150.9 ათასი აშშ დოლარი, ბელარუსი – 142.4 ათასი აშშ დოლარი, უკრაინა – 130.1 ათასი აშშ დოლარი, ყაზახეთი – 124.2 ათასი აშშ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები