მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში იყიდება ქართული მანდარინი და რა არის საექსპორტო ფასი?

ციტრუსი

აჭარაში ნარინჯისფერი რთველი კვლავ აქტიურ ფაზაშია. საპროგნოზო მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოში ციტრუსის 55 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან, მოსავლის ნაწილი კი - 27 ათასი ტონა სტანდარტული მანდარინი, ექსპორტზე უკვე გავიდა.

როგორია ციტრუსის ხარისხი წელს და რომელ ქვეყნებში გადის ქართული მანდარინი ექსპორტზე - ამ კითხვებს „საქმის კურსის“ ეთერში „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელი, კახა შავაძე პასუხობს, რომლის თქმითაც წლევანდელი მოსავლის ხარისხი გასული წლისას მკვეთრად აღემატება.

“შარშანდელ წელთან შედარებაც არ არის - მაშინ არც ხარისხობრივი და არც რაოდენობრივი მაჩვენებელი არ გვქონდა, წელს კი ორივე მხრივ უკეთესი შედეგები გვაქვს, ამიტომ საექსპორტო მიმართულებაზე, ასე თუ ისე, წარმატებით ვიმუშავეთ.

საექსპორტო ბაზრებად ტრადიციულად, სამწუხაროდ, რუსეთი რჩება, სადაც ძირითადი რაოდენობა გადის. ასევე ბელარუსში. მცირე რაოდენობები გადის სომხეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთშიც”, - განმარტავს კახა შავაძე და დასძენს, რომ მანდარინის საექსპორტო ფასი კილოგრამზე 60 ცენტამდე მერყეობს.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ექსპორტის წილი რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებშიც გაიზარდოს, ქართული მანდარინის ხარისხობრივ გაუმჯობესებაზეა სამუშაო - ქართული პროდუქტისათვის მთავარი კონკურენტი ჩინეთში მოყვანილი ციტრუსია.

“უზბეკეთისა და ყაზახეთის ბაზრებზე ჩვენ თავის დამკვიდრება ხარისხითა და ფასით უნდა შევძლოთ, რადგან ჩინეთის სახით დიდი კონკურენტი გვყავს. ძალიან მცირე რაოდენობა გვქონდა ამ ქვეყნებში გატანილი, თუმცა ეს მაინც დადებითია, მთავარია ვაჩვენოთ, რომ კონკურენციის გაწევა შეგვიძლია.

მართალია, ხარისხობრივად შარშანდელთან შედარებით უკეთესი შედეგი გვაქვს - ეს დამშვიდების საბაბს არ იძლევა. ეს ის ხარისხი არ არის, რაც ჩვენთვისაა სასურველი და, ჩემი შეფასებით, მთლიან მოსავალში 25%-იანი წილი არასტანდარტულ მანდარინს უჭირავს, რომლებიც გადასამუშავებლად წვენების ქარხნებში მიდის”, - ამბობს კახა შავაძე.

2023 წელს, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მანდარინზე სუბსიდია გაიზარდა. მეციტრუსეები არასტანდარტულ მანდარინზე 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრს მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები