ჟურნალ CEOWORLD-მა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის საშუალო ხელფასები (გადასახადების ჩათვლით) ერთმანეთსაა შედარებული და გამოვლენილია, რომელ ქვეყნებშია შრომის ანაზღაურება ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი.
აღსანიშნავია, რომ საფინანსო, სადაზღვევო, ენერგეტიკული, მრეწველობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საცალო გაყიდვებისა და საგანმანათლებლო სექტორებში საშუალო ხელფასები უფრო მაღალია, ვიდრე ადმინისტრაციული რესურსების, სტუმარმასპინძლობის და სამშენებლო სექტორებში.
CEOWORLD-მა თითოეული ქვეყნის საშუალო ხელფასი, მოქმედი გაცვლითი კურსით, ამერიკულ დოლარში გადაიყვანა, რამაც რეიტინგის შედგენა უფრო გაამარტივა, თუმცა აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში საშუალო ხელფასების შედარებისას, ინფლაციის დონეც უნდა გავითვალისწინოთ, რაც მსყიდველუნარიანობაზე ახდენს გავლენას. სხვადასხვა ქვეყანაში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი პანდემიური მიზეზებითაა გამოწვეული, რამაც მიწოდების ჯაჭვის არაერთი რგოლის ოპერირება შეაფერხა.
გამოცემა ხაზს უსვამს მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებსა და რისკებს, რომლებიც თან ახლავს რუსეთ-უკრაინის ომს, აშშ-ჩინეთის სტრატეგიულ კონკურენციას, შუა აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებს, ინდოეთსა და ჩინეთს შორის გეოპოლიტიკურ კონკურენციას და ჩინეთის ეკონომიკის შენელებასაც - ყველაფერი ეს, საერთო ჯამში, სხვადასხვა ტიპის კრიზისს ბადებს.
TOP-10 ქვეყანა ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასით:
- შვეიცარია - $8111
- ლუქსემბურგი - $6633
- აშშ - $6455
- ისლანდია - $6441
- ნორვეგია - $5665
- დანია - $5642
- კანადა - $5081
- გრენლანდია - $4665
- ირლანდია - $4622
- ნიდერლანდები - $4581
CEOWORLD-ის შეფასებით, საქართველოში გადასახადების ჩათვლით საშუალო ხელფასი $534-ია - ამ შედეგით ქვეყანა რეიტინგში მოხვედრილი 196 ქვეყნიდან 93-ე ადგილზეა.
ყველაზე დაბალი საშუალო ანაზღაურება კი ამ ქვეყნებშია:
- სენეგალი - $49
- ლიბერია - $47
- მადაგასკარი - $47
- ნიგერია - $47
- მავრიტანია - $41
- ჩრდ. კორეა - $37
- მალი - $34
- მალავი - $31
- ანგოლა - $27
- ლესოთო - $24