მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სახელმწიფო ლიდერს აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი?

ლოურენს ვონგი

ქვეყნის პრეზიდენტობა ან პრემიერმინისტრობა ისეთივე თანამდებობაა, როგორიც ნებისმიერი სხვა, უბრალოდ ადამიანი, რომელიც საჯარო ლიდერი ხდება, პასუხისმგებლობას იღებს არამხოლოდ კონკრეტულ კომპანიაზე და მის თანამშრომლებზე, არამედ მთელ ქვეყანაზე და თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის იმათზე, რომელთაც, შესაძლოა, ესა თუ ის პირი საერთოდ არ აურჩევიათ. ბევრ ქვეყანაში, მთავრობის მეთაურის ან ლიდერის წოდება იმაზე მეტად ფასობს, ვიდრე ეს ამა თუ იმ პირის ხელფასში აისახება. ბევრიც, ხელფასის სახით გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებს, ვიდრე ეს, შესაძლოა, გვეგონოს. გაინტერესებთ, ვინ არიან ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე ლიდერები? ამ სტატიაში სწორედ ამ კითხვას ვუპასუხებთ.

ადგილი #1: ლოურენს ვონგი (სინგაპური) — $1.61 მილიონი წელიწადში

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიდერის წოდებას სინგაპურის პრემიერ-მინისტრი, ლოურენს ვონგი იკავებს. 51 წლის ვონგი სინგაპურულ პოლიტიკაში 2011 წელს ჩაერთო და მას შემდეგ, ბევრი პოლიტიკური თანამდებობა გამოიცვა. პროფესიულ რეზიუმესთან ერთად, შთამბეჭდავია მისი აკადემიური მიღწევებიც, რადგან ის სინგაპურის და ჰარვარდის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულია. სინგაპური, რომლის ეკონომიკის მოცულობა $600 მილიარდს შეადგენს და სადაც 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა მსოფლიოში. პრემიერ-მინისტრის მაღალი ხელფასი, დიდწილად, სწორედ ამით არის განპირობებული. ამასთან, საჯარო სექტორში არსებული მაღალი ხელფასები კერძო სექტორთან კონკურენციით, კორუფციის აღმოფხვრის მოტივით, ეკონომიკურ ზრდას მიბმული საბონუსე სისტემით და მაღალი ცხოვრების ხარჯებით აიხსნება.

ადგილი #2: ჯონ ლი კა-ჩიუ (ჰონგ-კონგი) — $695,000 წელიწადში

აღნიშნულ რეიტინგში მეორე ადგილი ჰონგ-კონგის აღმასრულებელმა ოფიცერმა, ჯონ ლი კა-ჩიუმ დაიკავა, რომელიც, ცხოვრების უმეტესი ნაწილის განმავლობაში პოლიციელად მუშაობდა, მაგრამ 2022 წლიდან ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულის ყველაზე მაღალ საჯარო თანამდებობას დასჯერდა. 66 წლის ჯონ ლი კა-ჩიუ კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური მთავრობის იდეებს იზიარებს და არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იყო. საჯარო ლიდერის მაღალი ხელფასის მიზეზები, დიდწილად, იგივეა, რაც სინგაპურის შემთხვევაში და ჰონგ-კონგის $407-მილიარდიან ეკონომიკას უკავშირდება. ამასთან, ჰონგ-კონგი მსოფლიოს უდიდესი საგადასახადო სამოთხეა, სადაც მდიდარი ადამიანები და კორპორაციები $2.8 ტრილიონის ოფშორულ სიმდიდრეს ინახავენ.

ადგილი #3: ვიოლა ამჰერდი (შვეიცარია) — $530,000 წელიწადში

ყველაზე მაღალი წლიური ხელფასის მქონე ლიდერების რეიტინგში მესამე ადგილზე შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი, ვიოლა ამჰერდი მოხვდა. შვეიცარია, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა პლანეტაზე, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე $93,800-ის ტოლია. მაღალ ეკონომიკურ აქტივობასთან ერთად, შვეიცარიაში ძალიან მაღალია ცხოვრების ხარჯები, რაც საჯარო და კერძო სექტორებს შორის კონკურენციას ამწვავებს. ჰონგ-კონგის მსგავსად, შვეიცარიაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგადასახადო სამოთხეა.

ადგილი #4: ჯო ბაიდენი (აშშ) — $400,000 წელიწადში

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ხელფასი სულ რაღაც $400,000-ის ტოლია. მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის ეს თანხა დიდად არაფერს ნიშნავს, რადგან ბევრ კომპანიაში დასაქმებული არაერთი საშუალო და მაღალი დონის მენეჯერი გაცილებით მეტს გამოიმუშავებენ. ცხადია, აღარაფერს ვამბობთ დიდი ამერიკული კომპანიების დირექტორებზე, რომელთა ანაზღაურება იზომება არა ათასებში, არამედ მილიონებში. აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასი კანონით არის დადგენილი და მისი შეცვლა რთულ საკანონმდებლო პროცედურას მოითხოვს. საინტერესოა, რომ პრეზიდენტები გაცილებით მეტს გამოიმუშავებენ საპრეზიდენტო კარიერის დასრულების შემდეგ, ვიდრე თეთრ სახლში ყოფნისას.

ადგილი #5: ენტონი ალბანეისი (ავსტრალია) — $390,000 წელიწადში

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიდერის რეიტინგის მეხუთე ადგილი კიდევ ერთი დიდი ქვეყნის მმართველმა, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეისიმ დაიკავა, რომლის ხელფასი წელიწადში $390,000-ის ტოლია. ალბანეისი სტაჟიანი პოლიტიკოსია, რომელიც იყო, როგორც პარლამენტარი, ასევე მინისტრი, რომლის პოლიტიკა, უმეტესწილად, კლიმატის ცვლილების, ჯანდაცვისა და განათლების პრობლემების მოგვარების გარშემო არის აგებული. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის მაღალი ხელფასი კანონით არის დადგენილი და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს. საინტერესო ფაქტია, რომ ავსტრალიაში არსებობს ანაზღაურების ტრიბუნალი - ცალკე უწყება, რომელიც საჯარო მოხელეების ხელფასებს აწესებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები