მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ სამედიცინო დაწესებულებებში აიცრებით "ფაიზერით"? - ტიკარაძე კლინიკებს შეხვდა

60ee9a767cf78
ინგა მურუსიძე
14.07.21 12:07
564
საქართველოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც "pfizer"-ით ვაქცინაციის პროცესში არიან ჩართულები.

როგორც BM.GE-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, "pfizer"-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ესენია: „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“, ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ და ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.

ამ ეტაპისთვის, "pfizer"-ით ვაქცინაციის პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა იმუნიზაციის პროცესში ეტაპობრივად 80 სამედიცინო დაწესებულება, სულ მცირე 240 ბრიგადით ჩაერთვება.

"pfizer"-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. "pfizer"-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

"აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge -ის მეშვეობით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე. გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

"pfizer"-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები