მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ სექტორებს აფინანსებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები

ლარი

საქართველოში სულ 31 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოქმედებს, რომელთა მთლიანი საკრედიტო პორტფელი 2 მილიარდ ლარს შეადგენს. ბოლო ერთ წელში მისო-ების საკრედიტო პორტფელი 300 მილიონი ლარით, ანუ 16%-ით არის გაზრდილი.

ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი მონაცემების თანახმად, დაკრედიტების მატებაში ყველაზე დიდი წილი - 270 მილიონი ლარი სალომბარდე სესხებს უკავია, რომლის პორტფელმაც 1.1 მილიარდ ლარს მიაღწია, შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, მიკროსაფინანსო სექტორის მთავარი საქმიანობა სალომბარდე სესხების გაცემაა.

პორტფელში მეორე ადგილზეა სამომხმარებლო სესხები 510 მილიონი ლარის ოდენობით, რაც წლიურად 16 მილიონი ლარით არის გაზრდილი, ხოლო მესამე ადგილზეა ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში მოქმედი მიკრომეწარმეებისთვის გაცემული სესხები 177 მილიონი ლარის ოდენობით. ამასთან, ამ სეგმენტში საკრედიტო პორტფელის 5 მილიონი ლარით შემცირება დაფიქსირდა.

სოფლის მეურნეობის სექტორში მიკრომეწარმეების (ინდმეწარმეების) სესხები კი 10 მილიონი ლარით გაიზარდა და 2024 წლის ბოლოს 119 მილიონი ლარი შეადგინა.

სულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ფიზიკურ პირებზე 890 ათასი კრედიტი აქვთ გაცემული. სესხები ასე ნაწილდება:

კატეგორია სულ თანხა ლარებში სულ სესხების რაოდენობა სესხის საშუალო ზომა ლარებში
სალომბარდე სესხი 1,101,442,048 ლარი; 712,866 კრედიტი 1,545 ლარი;
სამომხმარებლო სესხები 509,573,828 ლარი; 86,200 კრედიტი 5,912 ლარი;
ვაჭრობა და მომსახურება 176,959,036 ლარი; 30,937 კრედიტი 5,720 ლარი;
სოფლის მეურნეობა 119,111,028 ლარი; 21,601 კრედიტი 5,514 ლარი;
განვადება 39,708,752 ლარი; 37,870 კრედიტი 1,049 ლარი;
სხვა 3,600,488 ლარი; 229 კრედიტი 15,723 ლარი;

რაც შეეხება იურიდიულ პირებზე გაცემულ კრედიტებს, მისი პორტფელი 20 მილიონი ლარია, სესხების რაოდენობა კი 676, რაც ერთ სესხზე საშუალოდ 29,300 ლარს უდრის.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 2024 წელს სულ 463 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღეს, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, მათი არასაპროცენტო შემოსავლები კი 5%-ით გაიზარდა და 80 მილიონი ლარი შეადგინა.

მთლიანობაში, 2024 წელს, სექტორმა 133 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც წლიურად 6.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები