მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის დაკრედიტების ზღვრის გაზრდაზე სებ-ს დადებითი რეკომენდაცია აქვს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონის თანახმად, ამჟამად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 2023 წლის მიწურულს დარგის წარმომადგენლებმა მარეგულირებელს დაკრედიტების ზღვრის 200 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს.
სებ-ში მიიჩნევენ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარება და ფინანსური მონაცემები, ზღვრის გაზრდის შესაძლებლობას აჩენს და ეროვნული ბანკი ამ წინადადებით დარგს ეკონომიკის სამინისტროსთან უშუამდგომლებს, რადგან თავად მარეგულირებელს კანონში შესაბამისი ცვლილების პროექტის ინიცირება არ შეუძლია.
"ჩვენი საფინანსო სექტორი საკმაოდ მედეგი და ძლიერია. საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ჯანსაღი მაჩვენებლებით გამოირჩევიან, მხოლოდ ბანკები არ არიან, არამედ მიკროსაფინანსო სექტორი.
ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში ზედამხედველობის ჩარჩო, მათ შორის მიკროსაფინანსო ინსტიტუტებისთვისაც გააუმჯობესა. აქედან და ბაზრის ზომის ზრდიდან გამომდინარე, ერთ პირზე სესხის ზღვრული ოდენობის ზრდა სრულიად შესაძლებლად მიგვაჩნია. ამაზე კონსულტაციები გვაქვს. ჩვენს მოსაზრებებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, პირველ რიგში ეკონომიკის სამინისტროს შევთავაზებთ და იმედი მაქვს, ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა თურნავა და კითხვაზე - რა პერიოდში მიმართავს სებ-ი ეკონომიკის სამინისტროს, პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ასე უპასუხა: "კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ მინდა, რადგან საკანონმდებლო ინიციატივის უფლება ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია დადებითი იქნება".