მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი, შესაძლოა, 200 000 ლარამდე გაიზარდოს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „მიკროსაფინანსო ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო დევდარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავასა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრაზე ერთ-ერთი სადისკუსიო თემა სწორედ მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწა და ლიბერალიზაცია იყო.
საქმე ის არის, რომ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონის თანახმად, ამჟამად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
„ვფიქრობთ, დღეს, მისო-ების სექტორი იმსახურებს მეტ ნდობას, ვიდრე წლების წინ და შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან გარკვეული წინადადებები იქნა წარდგენილი რიგი რეგულაციების ლიბერალიზაციის მიმართულებით თუ რა შეიძლება გაკეთდეს მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებისთვის. ერთ-ერთი თემა იყო დაკრედიტების ზღვრის აწევის შესაძლებლობა და რამდენად შესაძლებელია, რომ სებ-მა გვიშუამდგომლოს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონში“ ცვლილებებთან მიმართებით.
რატომ არის მისო-ებისთვის აქტუალური? – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის მაქსიმალური ლიმიტი 50 000-დან 100 000 ლარამდე 2017 წელს გაიზარდა; მას შემდეგ, ცვლილება არ ყოფილა, თუმცა ყველა იმ მაკროეკონომიკური და სხვა ტენდენციის გათვალისწინებით - ინფლაცია იქნება თუ სავალუტო რყევები, ვფიქრობთ, მოვიდა დრო, ეს ზღვარი გადაიხედოს. მიკროსაფინანსო სექტორის შეთავაზებაა, ლიმიტი 200 000 ლარამდე გაიზარდოს, თუმცა კაპიტალის ადეკვატურობასთან მიმართებით, შეიძლება უფრო მეტი ზღვარიც განვიხილოთ, რადგან მისო-ები ზომითაც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან - არის მილიონიანი აქტივების მქონე ორგანიზაცია და არის 500-მილიონიანი აქტივების მქონეც, აქედან გამომდინარე, ალბათ ყველასთვის ერთიანი მიდგომა ვერ იქნება. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, სებ-ს აქვს თავისი პოზიცია, რომ კონცენტრაციის რისკები დაზღვეული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ველოდებით, რომ შემოვა რისკების დაზღვევის შესაძლებლობა და მეორე მხრივ, მეტი დაკრედიტების შესაძლებლობა გვექნება“, - განაცხადა ნინო დევდარიანმა.
კიდევ ერთი არგუმენტი, რატომაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ჯამური ოდენობის გაზრდას ითხოვენ, კლიენტების შენარჩუნებაა.
„გეტყვით, რა მდგომარეობაში ვართ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები - გამომდინარე იქიდან, რომ საბანკო სექტორთან კონკურენცია ისედაც საკმაოდ მაღალია, ჩვენთვის დამატებით ბარიერს წარმოადგენს ის, რომ ჩვენი მომხმარებელი, რომელიც განვითარდა და უფრო მეტი დაკრედიტების შესაძლებლობა და საჭიროება აქვს, ჩვენთან 100 000 ლარზე მეტ სესხს ფიზიკურად ვერ აიღებს და გვიწევს სხვა სეგმენტს გადავცეთ ჩვენი პორტფელი. ამიტომ მთავარი არგუმენტია, შევინარჩუნოთ ჩვენი კლიენტები და გვქონდეს მათი დაკრედიტების შესაძლებლობა გონივრულ ზღვარში“, - განმარტა მისო-ების ასოციაციის თავმჯდომარემ.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში როდის შევა შესაბამისი ცვლილებები, სექტორისთვის უცნობია.საქართველოში, დღეს, სულ 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა.