საქართველოს მთავრობამ „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამაში“ ცვლილებები შეიტანა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულება განსაზღვრავს, თუ რამდენი ცხოველის სტერილიზაცია-ვაქცინაცია იგეგმება ქვეყნის მასშტაბით და როგორ გადანაწილდებიან ისინი მუნიციპალურ თავშესაფრებში.
გთავაზობთ მთავარ დეტალებს სამთავრობო დოკუმენტიდან:
ახალი განკარგულების თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გარდა თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, კასტრაცია/სტერილიზაცია და საჭიროების შემთხვევაში, ტესტირება (ლეიშმანიოზსა და ჭირზე) ჩაუტარდება, სავარაუდოდ, 36 116 უპატრონო ან მიკედლებულ ძაღლს.
პროგრამა ორ ძირითად მიდგომას ითვალისწინებს:
- თუ ძაღლს არ აქვს საყურე ნიშანი: მას სააგენტო დაიჭერს და გადაიყვანს მუნიციპალურ თავშესაფრებში, სადაც ჩაუტარდება ყველა საჭირო პროცედურა, რის შემდეგაც მას ისევ იმავე ლოკაციაზე დააბრუნებენ, სადაც თავდაპირველად დაიჭირეს.
- თუ ძაღლს უკვე აქვს საყურე ნიშანი: სააგენტო მის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას პირდაპირ ადგილზე, დაჭერის წერტილში განახორციელებს, თავშესაფარში გადაყვანის გარეშე.
განკარგულებით ზუსტად განისაზღვრა რეგიონების მიხედვით მუნიციპალური თავშესაფრების არეალი:
| საიდან აჰყავთ ცხოველი (რეგიონი) | რომელ თავშესაფარში გადაჰყავთ |
| მცხეთა-მთიანეთი | ქ. თბილისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი |
| კახეთი და ქვემო ქართლი | გურჯაანის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი |
| შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი | გორის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი |
| იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი | ქ. ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი |
ცვლილებები ეხება საკუთრებაში მყოფ ცხოველებსაც. ჰუმანური მეთოდების პოპულარიზაციის მიზნით, სახელმწიფო გეგმავს, სავარაუდოდ, 13 619 პატრონიანი ძუ ძაღლის სტერილიზაციას (მომსახურების შესყიდვის გზით) და საჭიროების შემთხვევაში, მათ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ძაღლების სტერილიზაცია დასაშვებია განხორციელდეს ვეტერინარული დაწესებულების გარეთაც, თუმცა აუცილებლად სტერილურ პირობებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით.




























