ჩინური ბრენდების პოპულარობა სულ უფრო იზრდება და მათი ნაწილი წლების განმავლობაში ყველაზე პოპულარულთა რეიტინგებს იპყრობს. პირველობას ადვილად იჩემებენ Xiaomi, Huawei, Lenovo ან Tencent , რომლებიც თავიანთ სფეროებში მსოფლიოს წამყვან მთავარ მოთამაშეებად იქცნენ. ჩინური კომპანიების სწრაფად ზრდას ყველაზე ცხადად TikTok გადმოსცემს, რომელმაც განსაკუთრებით ახალგაზრდებში ერთგვარი კულტურული ტრენდიც შექმნა.
ბოლო წლების პრაქტიკამ და რამდენიმე კომპანიის შედეგებმა, დიდი ხნის წინ დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ წარწერა”დამზადებულია ჩინეთში” უხარისხო პროდუქტთან ასოცირდება შეარყია.
იმ სოციალური მედია პლატფორმებისა თუ კომპიუტერული მწარმოებლების სიაში, რომლებიც ჩინეთის საზღვრებს გასცდნენ, პირველ ადგილს უდავოდ TikTok იკავებს. კომპანია 2012 წელს შეიქმნა, აპლიკაცია კი გლობალურ ბაზარზე 2017 წლის სექტემბერში ჩაეშვა. სოციალური მედიის აღზევების წლებში ტიკ ტოკს არც ისე დიდი დრო დასჭირვებია რომ ღირსეული კონკურენცია გაეწია Facebook-ს, Instagram-სა და Snapchat-სთვის. ანალიტიკური ფირმა kantar-ის შეფასების მიხედვით, TikTok-ის ჩინური ვერსია "Douyin" ჩინეთის ყველაზე ძვირფასი ბრენდების რეიტინგში $43.5 მილიარდიანი შეფასებით 2022 წელს მეოთხე ადგილს იკავებდა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია. იმის მიუხედავად, რომ ერთ ერთ ყველაზე მსხვილ, ამერიკულ ბაზარზე მოსახლეობის დიდი წილი კვლავ ფეისნუქის მომხმარებელია TikTok-ის გამოყენების მსურველთა რაოდენობა მაინც ძალიან სწრაფ ზრდას აჩვენებს - თუ 2019 წელს აშშ-ში მისი მომხმარებლების რაოდენობა 35.7 მილიონს შეადგენდა, 2022 წელს ეს რიცხვი 96 მილიონამდე გაიზარდა, რაც მეორე, ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური პლატფორმის, ინსტაგრამის ზრდას 16%-ით აღემატება.
ჩინური ბრენდების სიაში, რომლებმაც მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალეს საპატიო ადგილს იკავებს 1984 წელს დაარსებული კომპიუტერების უმსხვილესი მწარმოებელი Lenovo. კომპანია გასული წლის მონაცემებით გლობალურად ბაზრის 24%-იან წილს იკავებს. Gartner-ის თანახმად, 2022 წელს Lenovo-მ 69 მილიონი კომპიუტერი მიაწოდა საერთაშორისო ბაზარს. ეს შედეგი სულაც არ იყო საჭირო იმისთვის რომ მას კონკურენტებისათვის ეჯობნა. Lenovo-მ HP-ის დაახლოებით 10 წლის წინ გადაუსწრო და ერთ დროს მის მიართ სკეპტიკური დამოკიდებულება კომპანიის მენეჯმენტის სარისკო ნაბიჯებმა შეცვალა.
ამავე სიაში გარანტირებულად ხვდება დრონების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი "DJI". კომპანია 2006 წელს შეიქმნა და 16 წელში მსოფლიო ბაზრის 70%-ის ათვისება მოახერხა. ამჟამად კომპანია ოფისებს ჩინეთის გარდა ამერიკაში, ევროპას და იაპონიაშიც ფლობს. DJI-მ პირველი საფრენი დრონი - panthom 1, 2013 წელს გამოუშვა, წარმატებული შედეგის მიღების შემდგომ კი დრონების სხვადასხვა მიზნისთვის წარმოება გააგრძელა, მათ შორისაა როგორც ფილების გადაღება, ასევე სოფლის მეურნეობა და სამძებრო-სამაშველო ოპერაციები. კომპანიამ ბაზარზე გამოჩენიდან ძალიან მალევე მოახერხა და თავისი ძველი კონკურენტი, ფრანგული დრონების მწარმოებელი "Parot" გაანადგურა, რომელმაც 2019 წელს სათამაშო დრონების ბაზრის დატოვება გადაწყვიტა. გამომდინარე იქიდან, რომ "DJI" კერძო კომპანიაა, ის თავის ფინანსურ მაჩვენებლებს არ აქვეყნებს, თუმცა მსოფლიო ბაზარზე მსგავსი დომინირება იმის ფიქრის საფუძველს იძლევა, რომ კომპანია საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს.
ჩინურ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებზე საუბრისას "Tencent" კიდევ ერთი გამორჩეული ბრენდია. "Honor of Kings"-ისა და "Pubg Mobile"-ს შემქმნელმა კომპანიამ დაარსებიდან 23 წელში 2021 წელს გლობალური დეველოპერული ბაზრის 13.2% დაიკავა. მისმა ვიდეო თამაშებმა მოახერხა, რომ იაპონური "Sony" და ამერიკული "Microsoft" უკან ჩამოეტოვებინა. შესაძლოა, რომ თავად კომპანიის სახელი ჩინეთის ფარგლებს გარეთ პოპულარული არ იყოს, თუმცა მის მიერ შექმნილი ვიდეო თამაშები რეკორდული მაჩვენებლით სარგებლობს. "Honor of Kings" და "Pubg Mobile"-ს მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი თამაშობს. ანალიტიკური ფირმის, Apptica-s მონაცემებით, 2023 წლის პირველ ნახევარში "honor of kings"-მა 766 მილიონი დოლარი მოიპოვა, ხოლო "Pubg Mobile"-მ 344 მილიონი დოლარი.
და ბოლოს "Xiaomi" სამსუნგისა და ეფლის შემდეგ სმარტფონების ყველაზე ფართო მწარმოებელი, რომელიც 2010 წელს დაარსდა და 2023 წლის მეორე კვარტალის მონაცემების მიხედვით, გლობალური ბაზრის 13% უჭირავს, ამ დროს კი Samsung-ს, რომელიც პირველ ადგილზეა, ბაზრის 21%-იანი წილი აქვს ათვისებული, Apple-ს კი - 17%. ხოლო, 2021 წლის მეორე კვარტალში, დაფიქსირდა შემთხვევა, როცა Xiaom-მა, რომელიც თავისი ბიუჯეტური სმარტფონებითაა ცნობილი, სილიკონ ველის გიგანტს, Apple-ს გადაუსწრო კიდევაც. შესაძლოა, "Xiaomi"-ის პროდუქცია ამერიკაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობდეს, თუმცა მას მაგალითად ინდოეთში ბაზრის თითქმის 15%-იანი წილი უჭირავს. ამასთანავე, მობილური ტელეფონების გარდა, კომპანია თავისი რობოტი მტევრსასრუტებითა და სახლის ჭკვიანი პროდუქტებითაა ცნობილი.