ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციის ₾21-მილიონიან ტენდერში კომპანია "თბილმა სახლმა" გაიმარჯვა.
როგორც ცნობილია, მთავრობა ადგილზე ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ჯერ შენობის ტექნიკურად გამართვაა აუცილებელი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს შენობის ელექტროგაყვანილობის სისტემას, გათბობა, გაგრილება კონდიცირების და სხვა შიდა კომუნიკაციების, მათ შორის ინტერნეტ კომუნიკაციის სისტემებს. პროექტის მთლიანი ღირებულება 20,980,777 ლარს შეადგენს.
ტენდერი შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ" გამოაცხადა, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიაა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია "თბილი სახლის" წილის 100%-ს მალხაზ კურტანიძე ფლობს და თავადაა დირექტორიც. ტენდერების მონიტორის ცნობით, კომპანიას 152.7 მლნ ლარის ტენდერები აქვს მოგებული. აქედან გამარტივებული წესით 3.2 მლნ ლარი.
ცნობისთვის, ქუთაისის პარლამენტის შენობა პარლამენტის სესიებს 2012-2016 წლების განმავლობაში მასპინძლობდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ის სრულიად უფუნქციოდ დარჩა.
2023 წლის ივნისში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის პროექტი დააანონსა, თუმცა ის ირაკლი კობახიძის მთავრობამ 2024 წლის აგვისტოში ხელახლა დააანონსა. პროექტზე კიდევ ერთი პრეზენტაცია 2024 წლის 11 ოქტომბერს არის დაგეგმილი, სადაც მთავრობა მას კიდევ ერთხელ დააანონსებს.
გუშინ, 30 ოქტომბერს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის გახსნისთვის საჭირო ლიცენზიის და საკონსულტაციო მომსახურების შესასყიდად ბიუჯეტმა 1.7 მლნ ევროს გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.