მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის IT ჰაბში, კრეატიული ცენტრის ლიცენზიისა და საკონსულტაციო მომსახურებაში €1.7 მლნ დაიხარჯება

ქუთაისის ჰაბი

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის გახსნისთვის საჭირო ლიცენზიის და საკონსულტაციო მომსახურების შესასყიდად ბიუჯეტი 1.7 მლნ ევროს გადაიხდის.

ტენდერი გამარტივებული წესით გამოცხადდა, რის მიზეზადაც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აქტივობებისა და პროექტების განხორციელების სპეციფიკაციებს ასახელებს.

"გამომდინარე, ასევე იმ მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინებით, რომ TUMO-ს (კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი) სასწავლო ცენტრის დაინტერესება და მათი სატენდერო პროცედურებში ჩართვა შეუძლებელია, მოცემული გარემოება წარმოადგენს წინამდებარე განკარგულების მიღების საჭიროებას და მომწოდებლის, მხოლოდ გამარტივებული შესყიდვის გზით დაკონტრაქტებას", - წერია სატენდერო დოკუმენტში.

ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო შესყიდვის ობიექტების ჩამონათვალი, ოდენობა შემდეგია:

  • ცენტრის გახსნასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება - 120 000 ევრო;
  • 5 წლიანი ლიცენზია - 1 375 000 ევრო (წელიწადში 275 000 ევრო);
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები -269 100 ევრო.

კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის საქმიანობის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია მოხდეს მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება დაიდება 5 წლის ვადით. ამასთან, 2024 წელს შესყიდვის ღირებულება იქნება 395,000 ევრო, ხოლო მომდევნო წლებში 275,000 ევრო.

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება. პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება ერთობლიობა ყველა საჭირო მნიშვნელოვანი კომპონენტის იმისთვის რომ, ადამიანებს ბავშვობის ასაკიდან გაუღვივდეთ ინტერესი ტექნოლოგიების მიმართულებით. მან ასევე რამდენიმე საინტერესო მიმართულებაზე ისაუბრა,

  • ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში იქნება წარმოდგენილი მასშტაბური ტექნოლოგიური;
  • პარკი;წამყვანი კრეატიული სწავლების სკოლა;
  • საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები;
  • სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობის რეაბილიტაციისთვის 21 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა. როგორც ცნობილია მთავრობა ადგილზე ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ჯერ შენობის ტექნიკურად გამართვაა აუცილებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები