მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციისთვის ₾21-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

ქუთაისის პარლამენტი

საქართველოს მთავრობამ ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობის რეაბილიტაციისთვის 21 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. როგორც ცნობილია მთავრობა ადგილზე ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ჯერ შენობის ტექნიკურად გამართვაა აუცილებელი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს შენობის ელექტროგაყვანილობის სისტემას, გათბობა, გაგრილება კონდიცირების და სხვა შიდა კომუნიკაციების, მათ შორის ინტერნეტ კომუნიკაციის სისტემებს. პროექტის მთლიანი ღირებულება 20,980,777 ლარს შეადგენს.

ტენდერი შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ" გამოაცხადა, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიაა. ტენდერში კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 12-17 ოქტომბრის პერიოდში შეეძლებათ.

ქუთაისის პარლამენტის შენობა პარლამენტის სესიებს 2012-2016 წლების განმავლობაში მასპინძლობდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ის სრულიად უფუნქციოდ დარჩა.

2023 წლის ივნისში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის პროექტი დააანონსა, თუმცა ის ირაკლი კობახიძის მთავრობამ 2024 წლის აგვისტოში ხელახლა დააანონსა. პროექტზე კიდევ ერთი პრეზენტაცია 2024 წლის 11 ოქტომბერს არის დაგეგმილი, სადაც მთავრობა მას კიდევ ერთხელ დააანონსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები