გლობალური სტრიმინგ-ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა, რომელიც ვითარდება არამხოლოდ ტექნოლოგიურად, არამედ გეოგრაფიულადაც. აღნიშნული ზრდა, დიდწილად, რამდენიმე ამერიკულ და ერთ ჩინურ კორპორაციას უკავშირდება, რომლებზეც გლობალური სტრიმინგ-ინდუსტრიის 93.5% მოდის. აღსანიშნავია, რომ ამ ბაზარზე, ისევე, როგორც ნებისმიერ შედარებით ახალ ბაზარზე დიდი კონკურენცია შეინიშნება, რადგან ინდუსტრია ჯერაც არ არის კონსოლიდირებული.
საინტერესოა, რომ მსოფლიოს უდიდეს ხუთ სტრიმინგ-კომპანიაზე გლობალური ბაზრის წილის 74.5% მოდის. ამ კომპანიებს შორის, ისევე, როგორც ზოგადად, სტრიმინგ-ბაზარზე, ამერიკული კორპორაციები ლიდერობენ. პირველ ადგილს სტიმინგ-ბაზრის ფუძემდებელი და დღემდე ამ ბაზრის უპირობო ლიდერი - NETFLIX-ი იკავებს, რომელიც ამერიკელმა ანტრეპრენიორებმა, რიდ ჰასტინგსმა და მარკ რენდოლფმა ჯერ კიდევ 1997 წელს დააფუძნეს. წამყვან ხუთეულში ასევე ვხვდებით ერთბაშად ორ ამერიკულ კორპორაციას - Amazon-სა და Disney-ს, რომლებიც ამ პოზიციებს, უმეტესწილად, მათ დაქვემდებარებაში არსებული მნიშვნელოვანი ინტელექტუალური საკუთრებით იკავებენ. აი, Amazon-ი, მაგალითად, “ბეჭდების მბრძანებლისა” და “ჯეიმს ბონდის” ლეგენდარულ ფრენჩაიზებს ფლობს, ხოლო Disney-ს ეკუთვნის, როგორც Marvel-ის კინოსამყარო, ასევე ყველა ის ნაწარმოები, რომელიც თავად უოლტ დისნეის კალამს ეკუთვნის.
გლობალური სტრიმინგ-ბაზრის წამყვანი მოთამაშეების რეიტინგის მეხუთე ადგილზე ჩინურ Tencent Video-ს ვხედავთ, რომელიც ერთადერთი კომპანიაა ამ რეიტინგში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არის დაფუძნებული. Tencent-ი, მოგეხსენებათ, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მრავალპროფილური ტექნოლოგიური კონსორციუმია, რომელიც ჩინეთის ჩაკეტილ შიდა ბაზარზე ერთგვარი პრივილეგიებით სარგებლობს, რაც სტრიმინგ-ბიზნესის წარმატებაზეც აისახება, რომელიც, სხვადასხვა მონაცემებით, ჩინეთში 900 მილიონი ადამიანი იყენებს.
გლობალური სტრიმინგ-ბაზრის წამყვანი ათი მოთამაშის რეიტინგი ბაზრის წილის მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:
NETFLIX - 22.3%
Amazon Prime Video - 16.8%
Disney+ - 14.7%
HBO Max - 10.5%
Tencent Video - 10.2%
Apple TV+ - 5.6%
Paramount+ - 4.2%
Hulu - 3.9%
Peacock - 2.7%
Discovery+ - 2.6%
საინტერესოა, რომ NETFLIX-ი ერთადერთია ამ ჩამონათვალში, რომლის მთავარი არსი, სწორედ სტრიმინგია, რადგან სხვა პლატფორმები, რეალურად, დიდი კორპორაციების შვილობილ კომპანიებს წარმოადგენენ, რომელთათვის სტრიმინგი ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი კომერციული მიმართულებაა. ამერიკული Disney-ი, მაგალითად, ერთბაშად ორ კომპანიას ფლობს ამ რეიტინგიდან - Disney+-სა და Hulu-ს.
გლობალური სტრიმინგ-ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება, რაც აისახება, როგორც ამ სფეროში ჩართული კომპანიებისა და ადამიანების რიცხვზე, ასევე შემოსავლებზე, რომელთაც ამ ტიპის ბიზნესი აგენერირებს. ექსპერტების შეფასებით, 2013 წელს, ანუ განვითარების ადრეულ ეტაპზე, გლობალური სტრიმინგ-ინდუსტრია $5 მილიარდად იყო შეფასებული, მაგრამ 2022 წელს $455 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ზრდის 9000%-იანი მაჩვენებელია. ნავარაუდევია ისიც, რომ ინდუსტრია ზრდას მომდევნო წლების განმავლობაშიც განაგრძობს და 2030 წლისთვის $1.9 ტრილიონს მიუახლოვდება, რაც დღევანდელი მონაცემებით, ბრაზილიის მთლიანი შიდა პროდუქტის ტოლია.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.