მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიები მოიხმარენ საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას?

ქარხანა ფოლადი წარმოება მეტალურგია

2024 წლის ცხრა თვეში საქართველომ სულ 11.7 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის თანახმად, ქვეყანამ წელს საკუთარი ენერგომოხმარების უდიდესი ნაწილი ადგილობრივი გენერაციის მეშვეობით დააკმაყოფილა, რამაც აღნიშნულ პერიოდში 11.3 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა.

სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ადგილობრივ მოხმარებაში თელასისა და ენერგო პროს აბონენტები ჭარბობენ, კერძოდ "ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტებმა 3 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, "თელასის" აბონენტებმა კი 2.34 მილიარდი კილოვატ საათი. აფხაზეთის ენერგომოხმარებამ 1.9 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა, რაც წლიურად 4%-ით არის შემცირებული.

სტატისტიკის მიხედვით, წელს მკვეთრად 14%-ით, 2.44 მილიარდამდე გაიზარდა იმ მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა, რომლებიც დენს პირდაპირი ხელშეკრულებებით, "თელასისა" და "ენერგო პროს" გვერდის ავლით ყიდულობენ. სტატისტიკის თანახმად, მსხვილ მომხმარებლებს შორის პირველ ადგილზეა "ჯორჯიან მანგანეზის" ჰოლდინგი, რომელმაც 728 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. მეორე ადგილზეა "რუსთავის აზოტი" 193 მილიონი კილოვატ საათის მოხმარებით, მესამეზე კი "ჰანიველ ცემენტი" [ყოფილი "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"] 161 მილიონი კილოვატ საათით.

წელს გაიზარდა საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება კრიპტოვალუტების მაინინგის მხრიდან -აღნიშნული მიმართულებით ოპერაციები ძირითადად თბილისისა და ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში სრულდება. თბილისის თიზ-ში არსებული კომპანიებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებლის ფუნქციას კომპანია "თი ეფ ზი სერვისის" ახორციელებს, რომელმაც 2024 9 წლის 9 თვეში 98 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა.

ასევე მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ქვეყნის უმსხვილესმა ენერგომომხმარებელმა "ჯორჯიან მანგანეზმა" გუშინ განაცხადა, რომ 6 თვით საქმიანობას აჩერებს.

# კომპანია მოცულობა მილიონი კილოვატ საათი
1 სს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა 727.7
2 სს რუსთავის აზოტი 192.9
3 შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია 160.9
4 შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 149.8
5 სს საქართველოს რკინიგზა 135.1
6 შპს რუსთავის ფოლადი 129.6
7 შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 107.9
8 შპს თი ეფ ზი სერვისის 98
9 შპს ჯეოსთილი 77.7
10 სს RMG Copper 72.3

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები