მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიები ყიდიან ყველაზე მეტ ავტომობილს ყირგიზეთში, სადაც რეექსპორტი 96%-ით გაიზარდა

ექსპორტი

2024 წლის 9 თვეში საქართველოდან 1.7 მლრდ აშშ დოლარის 78,610 ერთეული ავტომობილი გადაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 12.5%-ით მეტია თანხაში, რაოდენობრივ ჭრილში კი, შემცირება 0.8%-ია.

ავტომობილების რეექსპორტში პირველი ადგილი ყირგიზეთს უკავია, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე ყაზახეთი და აზერბაიჯანი არიან.

სტატისტიკის მიხედვით, წელს ყველაზე მეტად ზრდა სწორედ ყირგიზეთში იყო. 96%-ით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ცენტრალური აზიის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში - ყირგიზეთში, სადაც ექსპორტმა წელს 838 მილიონი დოლარი შეადგინა. ყირგიზეთში საქართველოდან სულ 23 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე, ხოლო ექსპორტის საშუალო ღირებულება 36 ათას დოლარს შეადგენდა.

საგულისხმოა გარემოება, რომ რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებამდე ყირგიზეთში ავტო ექსპორტი სულ რამდენიმე მილიონი დოლარი იყო, ხოლო ექსპორტზე გასული ავტომობილის საშუალო ფასი 5-6 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაციის მიმართ ავტომობილების ექსპორტზე დასავლეთმა შეზღუდვები დააწესა, ყირგიზეთმა საქართველოს ავტო ექსპორტში #1 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ყირგიზეთი რუსეთის მიმართ სავაჭრო სანქციებთან მიერთებული არაა.

BM.GE-მ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია, ვინ ყიდის ყირგიზეთში ყველაზე მეტ ავტომობილს. გთავაზობთ კომპანიისა და მფლობელთა ხუთეულს:

  1. შპს ბი თუ ბი - კომპანიის მფლობელი ნინო გველესიანია, დირექტორი კი, გიორგი შალამბერიძე;
  2. შპს თბ ექს - კომპანიის წილის 100%-ს ირაკლი გურჩიანი ფლობს;
  3. შპს კავკასიის ავტოიმპორტი - 34.8%-ს გიორგი სურგულაძე ფლობს, რომელიც აშშ-ის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა, 27%-ს გიორგი გულაშვილი, 10%-ს კი, დავით გულიაშვილი;
  4. შპს ალთიმეით მოტორს - კომპანიის მფლობელი აბდულკადირ კარგიდანოღლუა;
  5. შპს გარაჟ შოპი - კომპანია დანიელ გრიგორიანია.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახური კომპანიების ჩამონათვალს შემთხვევითობის პრინციპით ალაგებს.

ავტომობილების რეექსპორტის მასშტაბის ხარჯზე, ყირგიზეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია, რომელთან ვაჭრობაც იანვარ-სექტემბერში 83.6%-ით გაიზარდა და 907.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები