ჟენევის ჟამთაღწერის გრანპრი, რომელიც მთაგორიანი შვეიცარიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქში 2001 წლიდან იმართება, საათების წარმოების სექტორის ოსკარის დაჯილდოებად ითვლება. პრესტიჟული ჯილდო, რომელსაც თანამედროვეობის საუკეთესო მესაათეები მათი უნიკალური, ხშირად შედევრებთან გათანაბრებული მაჯის საათებისთვის იღებენ, ბოლო წლებში ინდუსტრიის ბენჩმარკად, ანუ მთავარ საზომად იქცა. მესაათე, რომელიც ჟენევის გრანპრის მოიგებს, ჟამთაღწერის ინდუსტრიის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რათა მისი ოსტატობა არასდროს დაიკარგოს.
ჟენევის ჟამთაღწერის გრანპრის მორიგი დაჯილდოება ჟენევაში მდებარე ლემანის თეატრში გაიმართა, სადაც ისტორიკოსებით, ჟამთაჟწერის მწერლებით და სფეროს უბადლო პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამარჯვებულები ოცდაერთ ნომინაციაში გამოავლინა.
IWC Portugieser Eternal Calendar
ჟენევის ჟამთაღწერის გრანპრის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო — “ოქროს ნემსი” — შვეიცარიულმა International Watch Company-მ მიიღო, რომელიც შვეიცარიის ქალაქ შაფჰაუზენში არის დაფუძნებული. წლის საუკეთესო მაჯის საათად IWC-ის Portugieser Eternal Calendar-მა მიიღო. პლატინის კარკასში გადაწყვეტილი ეს 45-მილიმეტრიანი მექანიკური მაჯის საათი ერბაშად რამდენიმე კომპლიკაციას აერთიანებს, მათ შორის ვხედავთ, როგორც საათების, წუთების, წამების, თარიღის, დღის, თვის და წლის აღნიშვნებს, ასევე მთვარის ფაზებს და მუდმივ სეკულარულ კალენდარს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დავვეწილი და ძვირად ღირებული კომპლიკაციაა. IWC-ის ეს საათი, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით გამოდის, ოფიციალურად $170,000 ღირს.
Van Cleef & Arpels Lady Jour Nuit
ჟენევის ჟამთაღწერის გრანპრიზე წლის საუკეთესო ქალის მაჯის საათის ტიტული ფრანგულმა საიუველირო სახლმა, Van Cleef & Arpels-ის Lady Jour Nuit-მ მიიღო. თეთრ ოქროში გადაწყვეტილი ეს 33-მილიმეტრიანი მაჯის საათი, რომელიც ავანტურინის ქვებითაა მოპირკეთებული, ღამის მთვარიან ცას ასახავს, რაც ბრილიანტებში არის გადაწყვეტილი. თავად ეს საათი, რომელიც განსაკუთრებული კომპლიკაციებით არ გამოირჩევა და მხოლოდ საათებს და წუთებს ანახებს და ღამის და დღის გარჩევა შეუძლია, ოფიციალურად $97,000 ღირს, რაც, უმეტესწილად, მის მიმზიდველ დიზაინს და Van Cleef-ის საიუველირო ოსტატობას უკავშირდება.
Voutilainen KV20I Reversed
ჟენევის ჟამთაღწერის გრანპრიზე წლის საუკეთესო კაცის მაჯის საათის ტიტული ფინელი მესაათის, კარი ვოუტილაინენის შვეიცარიულმა სახლმა, Voutilainen-მა მიიღო. ხელით მოსამართი მექანიკური მაჯის საათი, რომელსაც KV20I Reversed ჰქვია, პლატინის 39-მილიმეტრიან კორპუსში არის გადაწყვეტილი და მეტად მდიდრული და მიმზიდველი სკელეტონის დიზაინით გამოირჩევა. თავად ეს საათი ჭეშმარიტი მექანიკური სასწაულია, რომელიც კარი ვოუტილაინენმა თავად შექმნა. ეს საათი კომპლიკაციებით არ გამოირჩევა; მას არც ტურბილონი აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჟენევის გრანპრიზე ის წლის საუკეთესო კაცის საათად დაასახელეს. დღეს, Voutilainen-ის ეს საათი ოფიციალურად $150,000 ღირს.
Daniel Roth Tourbillon Souscription
ჟენევის ჟამთაღწერის გრანპრის ერთ-ერთი საინტერესო კატეგორია იმ საათებს აერთიანებს, რომლებიც ტურბილონითაა აღჭურვილი. ტურბილონი არის კომპლიკაცია, რომელიც საათის გულს ჰგავს და საათს გრავიტაციული ტალღების ეფექტისგან იცავს. ტურნილონს, როგორც წესი, მხოლოდ ყველაზე დახვეწილ და ძვირად ღირებულ საათებში ვხვდებით, რადგან ის ყველაზე მიმზიდველი და იშვიათი კომპლიკაციაა. აი, სწორედ ამ კომპლიკაციის გამო შეირჩა Daniel Roth-ის Tourbillon Souscription-ი, რომელიც ოფიციალურად $160,000 ღირს. დედამიწაზე ამ საათის სულ ოცი ეგზემპლარი არსებობს, რაც ნიშნავს, რომ ის ულტრაექსკლუზიურია.
Bovet Recital 28 Prowess
ჟენევის ჟამთაღწერის გრანპრის გამორჩეული ნომინაცია იმ საათებს აერთიანებს, რომელთაც ექსპერტები ჭეშმარიტ მექანიკურ სასწაულად აღიარებენ. წელს, ეს პრესტიჟული ტიტული შვეიცარიულმა Bovet-მ მიიღო, საათისთვის სახელწოდებით Récital 28 Prowess. ამ 46-მილიმეტრიანი საათმა, რომელიც ტიტანის კარკასში არის გადაწყვეტილი, ჟამთაღწერის ინდუსტრიაში არსებული დიდხნიანი პრობლემა მოაგვარა. Bovet-ს ეს საათი ქვეყნების მიერ დროით სარტყლის პერიოდულ ცვლილებას ითვალისწინებს და მთავარ ქალაქებში არსებულ დროს ყოველთვის სწორად აჩვენებს, რაც შვეიცარიელი ინჟინრების გამარჯვებაა. ტურბილონით და ბევრი სხვა კომპლიკაციით აღჭურვილი ეს საათი ოფიციალურად $800,000 ღირს, რასაც მისი იშვიათობა განაპირობებს.