მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი პროდუქტებით იღებს NVIDIA ყველაზე მეტ შემოსავალს?

Nvidia

შესაძლოა გასულ წლამდე, Nvidia-ზე ბევრს არაფერი გაეგო, თუმცა ახლა ადგილს იმ სამეულში იკავებს, რომლის ღირებულებაც 2 ტრილიონ დოლარს აღემატება. თუ The New York Times-საც დავესესხებით, „ის არის ხელოვნური ინტელექტის ბუმის ყველაზე თვალსაჩინო გამარჯვებული“.

გაურკვეველი ტექნოლოგიური კომპანიიდან მანქანური სწავლების ეპოქის ლიდერამდე Nvidia-ს ტრანსფორმაცია სათავეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იღებენ. სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გენერაციული AI-ის პოტენციალი შეამჩნია. უფრო კონკრეტულად გასულ ათწლეულში შექმნა ჩიპი, რომელიც მანქანური სწავლების ამოცანების შესასრულებლად იყო გამიზნული… დროთა განმავლობაში კი ისეთი ჩიპების ბრენდად იქცა, რომელზეც დეველოპერები და სხვა მომხმარებლები დამოკიდებულნი გახდნენ.

მისი დამფუძნებელი ჯენსენ ჰუანგი ყოველთვის საუბრობდა ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე, რითაც Nvidia-მ თავის მომხმარებელთა ბაზაში კიდევ უფრო მეტი სანდოობა შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია მკვეთრად გაიზარდა, Nvidia ბაზრის წილის 70%-ს ფლობს.

ნახევარგამტარების ინდუსტრიის ტიტანი ინვესტორების მოლოდინებს ამართლებს - გასული წლის მეოთხე კვარტალში Nvidia-მ 22.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 265%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საერთო ჯამში, 2023 წლის შემოსავალმა 60.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 288%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს. რაც შეეხება მოგებას, მეოთხე კვარტალში კომპანიამ 12.3 მილიარდი დოლარის მიღება შეძლო, რაც წინა წელთან შედარებით 769%-იან ზრდას წარმოადგენს. მსოფლიოში რიგით მესამე ყველაზე მდიდარი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2 ტრილიონ 178 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, მისი ერთი აქცია კი 871 დოლარად ივაჭრება.

Nvidia-ს შემოსავლების მკვეთრი ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმით არის განპირობებული. ხელოვნური ინტელექტის ოპერირებას ხომ სუპერ მძლავრი კომპიუტერული მოწყობილობა სჭირდება, რომელსაც სწორედ Nvidia აწარმოებს. მონაცემთა ცენტრის პროცესორები ანალიტიკისა და AI-სთვის დღეს ცალსახად NVIDIA-ს შემოსავლის უდიდესი წყაროა და მასზე ჯამური შემოსავლის 78% მოდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში Nvidia-ს მონაცემთა ცენტრის ბიზნესმა მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა და გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით შედეგები კიდევ 409%-ით გააუმჯობესა.

ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის ერთეული H100 გრაფიკულ ბარათებს მოიცავს, რომლებიც AI სისტემებს აძლიერებენ., თითოეული მათგანი 80 მილიარდი ტრანზისტორისგან შედგება, რაც მას შესაძლებლობას აძლევს დიდი რაოდენობით მონაცემები გამოთვალოს, რომლებიც ენობრივი მოდელების შექმნაში გამოიყენება.

მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები თავიანთი გამოთვლითი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ამ გრაფიკულ ბარათებზე მილიარდობით დოლარს ხარჯავენ. მაგალითად, Meta გეგმავს, რომ მხოლოდ 2024 წელს 350,000 H100 გრაფიკული ბარათი გამოიყენოს.

შემოსავლის შემდეგი ყველაზე დიდი წყარო Nvdia-სთვის კომპიუტერების GPU-ებია, საიდანაც მთლიანი შემოსავლის 17.1%-ს იღებს. Nvidia-მ უდიდესი როლი ითამაშა ამ სპეციალიზებული ჩიპების შემუშავებაში, რომლებიც კომპიუტერებში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ერთად, ეს ორი პროდუქტის ხაზი შეადგენს Nvidia-ს შემოსავლების 95.1%-ს, ხოლო 3D ვიზუალიზაციისა და ავტომობილების GPU-ებზე მთელი შემოსავლის მხოლოდ 4.4% მოდის.

სამომავლო პერსპექტივაში ნავარაუდევია, რომ Nvidia-ს გრაფიკული ჩიპების წილი კომპანიის მთლიან შემოსავალში კიდევ უფრო გაიზრდება. სხვათა შორის, კომპანიამ განაცხადა, რომ ჭარბი მოთხოვნიდან გამომდინარე მომხმარებელთა შორის ჩიპების სამართლიანად გადანაწილებაზე დაიწყეს მუშაობა და პრიორიტეტი ენიჭება მათ, ვისაც მისი დაუყოვნებლივ გამოყენება შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები