თავისი არსით, ელექტრომობილი ჩვეულებრივი მანქანაა, რომელიც საწვავად იყენებს არა ბენზინსა და დიზელს, არამედ - ელექტროენერგიას. შესაბამისად, მთავარი მოწყობილობა, რომელიც მას ჩვეულებრივი ავტომობილისგან გამოარჩევს - ელექტრობატარეაა.
ელექტრობატარეას, რეალურად, ორმაგი დანიშნულება აქვს - ის ქიმიურ ენერგიას ინახავს და საჭირო დროს, მას ელექტროენერგიად გარდაქმნის, რომლითაც ავტომობილის ელექტრული მოტორი საზრდოობს. ამ ტიპის ოპერაციებს ყველაზე კარგად ლითიუმ-იონური ბატარეა ახორციელებს, რომელიც ბაზარზე არსებულ ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე ეფექტიანია, ანუ შედარებით მცირე და მსუბუქ ფორმაში მაქსიმალურ ენერგიას იტევს.
ლითიუმი ძვირფასი ლითონია, რომელიც სასაქონლო ბირჟაზე ივაჭრება. დღეს ტონა ლითიუმი $23,500-მდე ღირს, მაგრამ გასული წლის დინამიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ასეთი დაბალი ფასი ბირჟაზე 2023 წლის აპრილის შემდეგ არ დაფიქსირებულა. 2022 წლის ნოემბერში ლითიუმზე რეკორდული ფასი დაფიქსირდა, როცა ტონა ძვირფასი ლითონი $82,000-მდე ღირდა. საინტერესოა, რომ ლითიუმი ერთ-ერთი ყველაზე გაიაფებული საბირჟო საქონელიცაა, რომლის ფასი, გასული თორმეტი თვის განმავლობაში, 70%-ით შემცირდა.
თუ ლითიუმის წარმოებით ერთპიროვნული ლიდერი - ავსტრალიაა, რომელზედაც გლობალური წარმოების ლამის ნახევარი მოდის, განსხვავებული მდგომარეობაა ლითიუმის მარაგების კუთხით, სადაც არც თუ ისე განვითარებული ბოლივია ლიდერობს, რომელიც ქვეყანაში არსებული არაეფექტიანი პოლიტიკური რეჟიმის გამო, ძვირფასი ლითონის მოპოვებით შექმნილ პოტენციას სრულად ვერ ითვისებს. ბოლივიის გარდა, ლითიუმის უდიდესი მარაგების მქონე ქვეყნების რეიტინგში კიდევ ორი სამხრეთამერიკული ქვეყანა - არგენტინა და ჩილე მოხვდა, რაც ამ კონტინენტზე ლითიუმის ბუნებრივ სიჭარბეზე მიუთითებს.
იმ ქვეყნების რეიტინგი, რომლებიც ლითიუმის უდიდეს მარაგებს ფლობენ, შემდეგნაირად გამოიყურება:
ბოლივია - 21 მილიონი ტონა
არგენტინა - 20 მილიონი ტონა
აშშ - 12 მილიონი ტონა
ჩილე - 11 მილიონი ტონა
ავსტრალია - 7.9 მილიონი ტონა