თანამედროვე ტექნოლოგიის ჩონჩხს - იქნება ეს ელექტრომობილების ძრავები, ქარის ტურბინები თუ სმარტფონები და მაღალი სიზუსტის სამხედრო სისტემები, - დედამიწის იშვიათი მინერალები ქმნის.
ამ მინერალების მარაგების განაწილება კი ქვეყნების მიხედვით საკმაოდ არათანაბარია: მხოლოდ ჩინეთი მსოფლიოს ჯამური მარაგების თითქმის ნახევარს ფლობს - კერძოდ, 44 მილიონი მეტრული ტონით საერთო მოცულობის 48% უკავია, რითაც ქვეყანა გლობალური მიწოდების ჯაჭვსა და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობაზე გავლენის გაძლიერებას განაგრძობს, რადგან გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამწვავებისა და სავაჭრო დამოკიდებულების განხილვის ფონზე, იშვიათი ლითონები საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკური დაგეგმვის კრიტიკულ წერტილად იქცა.
ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, რეიტინგში მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს - 21 მილიონი ტონით, რაც გლობალური მარაგის 23%-ია - ბრაზილიის მფლობელობაში მასშტაბური იონური თიხისა და მტკიცე ქანების საბადოებია, რომლებიც ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან.
შემდეგი ქვეყანა - 6.9 მილიონი ტონა მარაგით, ინდოეთია. ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ თორიუმის რესურსს ფლობს, რომელიც ენერგეტიკული უსაფრთხოების მომავლის წყაროდ განიხილება. ინდოეთი სწრაფად ხდება სტრატეგიული მოთამაშე იშვიათი მიწიერი მეტალების გლობალურ ბაზარზე — როგორც დასავლეთის, ისე აზიის ქვეყნები ცდილობენ მასთან თანამშრომლობას ჩინეთის მიწოდებაზე ნაკლები დამოკიდებულების მიზნით.
ავსტრალია მეოთხე პოზიციას იკავებს - 5.7 მილიონი ტონა მარაგით. ავსტრალია ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც წარმოების ჯაჭვის შექმნის მიზნით ჩინეთისგან სრულიად განაცლკევებული პლატფორმა აქვს. ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორებს - შტატებსა და იაპონიასაც უზრუნველყოფს და საპასუხოდ, ეს ორი ქვეყანა ავსტრალიურ პროექტებში ინვესტიციებს ახორციელებენ.
ხუთეულს - 3.8 მილიონი ტონა მარაგით რუსეთი ასრულებს და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს იშვიათი მინერალების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საბადოები აქვს, ის გლობალური ლიდერი მაინც ვერ ხდება, რაც გადამამუშავებელი ტექნოლოგიების სიმცირით, ინვესტიციების ნაკლებობით, დასავლური სანქიცებითა და ჩინეთთან მაღალი კონკურენციითაა განპირობებული. შედეგად, ქვეყნის რეალური წარმოება გაცილებით დაბალია, ვიდრე მისი პოტენციალი.
შეერთებულ შტატებს რაც შეეხება - ეს ქვეყანა მხოლოდ 1.9 მილიონ ტონა მარაგს ფლობს, რაც მის სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულებას ადასტურებს. ბოლო თვეებში, ტრამპის ადამინისტრაციამ სცადა, შტატების ჩინურ მინერალებზე დამოკიდებულება შეემცირებინა - კერძოდ, ამას შიდა სამთო პროექტების დაფინანსებით, ნებართვების გამარტივებით და მოკავშირე ქვეყნებთან პარტნიორობით ცდილობდა.
ოქტომბერში კი პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა სი ძინპინმა ტარიფების შემცირებაზე იმ პირობით მოილაპარაკეს, რომ ჩინეთი იშვიათი მინერალების ექსპორტს შეუფერხებლად გააგრძელებს.




























