348 ტერავატი/საათი – ეს არის ენერგიის ის მოცულობა, რომელსაც ბიტკოინის მაინერები ყოველწლიურად მოიხმარენ კრიპტოვალუტის გამოსამუშავებლად.
გამოთვლითი სიმძლავრის, ანუ ჰეშრეიტის მიხედვით, გლობალურ რეიტინგში ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რომელზეც საერთო სიმძლავრის 37.8% მოდის. ამერიკის მასშტაბით data-ცენტრების უმეტესობა ტეხასის და ფლორიდის შტატებშია ბაზირებული, რაც ხელსაყრელი საგადასახადო პირობებით და იაფი ელექტროენერგიითაა განპირობებული.
რეიტინგში მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს და მასზე გლობალური სიმძლავრის 21.1% მოდის. უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით 5 წლის წინ, ჩინეთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 75%-ს აღწევდა, თუმცა მას შემდეგ ქვეყნის მთავრობამ მაინინგი აკრძალა, რის გამოც მსხვილმა კრიპტოკომპანიებმა ჩინეთში ფუნქციონირება შეწყვიტეს.
სახელმწიფოებს შორის მესამე ადგილს ყაზახეთი იკავებს, რომელზეც გლობალური ჰეშრეიტის 13.2% მოდის. რეიტინგში ყაზახეთის დაწინაურება ქვეყანაში ჩინური მაინინგ კომპანიების გადასვლით და ხელსაყრელი პირობებით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში, მაინინგზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, მოსახლეობა ელექტროენერგიის არასტაბილურობაზე ხშირად წუწუნებს.
ხუთეულში ასევე შეხვდებით კანადას, რუსეთის ფედერაციას და გერმანიას. რუსეთთან მიმართებით გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 2022 წლის შემდეგ სტატისტიკის სამსახურმა დეტალური მონაცემების გასაჯაროება შეწყვიტა, შესაბამისად, ახლა განსაკუთრებით რთულია იმის დადგენა, თუ რა მოცულობის ენერგიას მოიხმარენ რუსეთში ბაზირებული მაინერები.
ზოგადად, ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ მაინინგზე მოთხოვნა მაშინ იზრდება, როდესაც ბირჟაზე ბიტკოინის ფასი იმატებს, შესაბამისად, 2024 წელი მაინინგის მიმართულებით რეკორდულ წლად შეიძლება იქცეს.
ბიტკოინის მანინგის მიმართულებით ქვეყნების ტოპ ათეული ასე გამოიყურება:
1. აშშ – 37.8% (ჰეშრეიტი);
2. ჩინეთი – 21.1% (ჰეშრეიტი);
3. ყაზახეთი – 13.2% (ჰეშრეიტი);
4. კანადა – 6.5% (ჰეშრეიტი);
5. რუსეთი – 4.7% (ჰეშრეიტი);
6. გერმანია – 3.1% (ჰეშრეიტი);
7. მალაიზია – 2.5% (ჰეშრეიტი);
8. ირლანდია – 2.0% (ჰეშრეიტი);
9. სინგაპური – 2.0% (ჰეშრეიტი);
10. ტაილანდი – 1.0% (ჰეშრეიტი);
დანარჩენი მსოფლიო – 6.3% (ჰეშრეიტი).