სპორტის მწვერვალად ოლიმპიური თამაშები ითვლება, რომელიც ის ღონისძიებაა, სადაც მონაწილეობაზე ყველა პროფესიონალი ათლეტი ოცნებობს. წელს თამაშები პარიზში იმართება, სადაც მედლების მოსაპოვებლად 10 500 სპორტსმენი ჩავა. თანამედროვე ოლიმპიური თამაშები 1896 წლიდან იმართება და წლევანდელი შეჯიბრება რიგით 33-ე იქნება.
ჩატარებული ოლიმპიადებიდან ნახევარში ყველაზე მეტი ოქროს მედალი აშშ-მ მოიპოვა, რაც ძირითადად სპორტში ჩადებულ ფინანსურ მაჩვენებლებებს უკავშირდება. მაგალითისთვის აშშ 2000 წლიდან ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ადგილობრივი სპორტის ფედერაციებისთვის 750 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს.
ამერიკელებმა ჯამში 2959 მედალი მიიღეს, საიდანაც 827 სარბენი ბილიკის, მინდვრისა და საველე ღონისძიებებს უკავშირდება, რაც ასეთი ტიპის შეჯიბრებებში ერთად აღებულ დანარჩენი ქვეყნების მედალთა რაოდენობას აღემატება.
ხაზგასასმელია ამერიკელთა მიღწევები ცურვაშიც, სადაც 578 მედალი აქვთ მოპოვებული და უსწრებენ ავსტრალიას, რომელიც 273 მედლით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საცურაო მედლების უდიდესი ნაწილი, ყველაზე ტიტულიან ოლიმპიელზე მაიკლ ფელფსზე მოდის, რომელსაც კარიერაში 28 ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული, საიდანაც 23 ოქროს სინჯისაა. ზოგადადაც ოლიმპიურ სახეობებს შორის ცურვა ერთ-ერთი ყველაზე დაფინანსებადი სახეობაა ამერიკაში, რომელზედაც ბიუჯეტიდან წლიურად 49,2 მილიონი დოლარი გამოიყოფა.
მეორე ადგილზე არის ყოფილი სახელმწიფო, საბჭოთა კავშირის სახით, რომლის მედლებიც მისი არსებობის პერიოდით 1922 წლიდან 1991 წლამდე უნდა დაითვალოს. სსრკ-მ სულ 18 ოლიმპიურ თამაშებში მოასწრო მონაწილეობის მიღება, თუმცა აქედან 13 შემთხვევაში ლიდერი იყო მოპოვებული მედლების მიხედვით და ჯამურად 1204 მედლის მოპოვება მოახერხა. კომუნისტური მმართველობის დროს, სახელმწიფოს სპორტული პროგრამები ქვეყნის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, რადგან აღნიშნულ პერიოდში შეერთებულ შტატებსა და სსრკ-ს შორის კონკურენცია მკვეთრად გაძლიერდა, როგორც იდეოლოგიური დომინირების ჩვენების საშუალება.
ოლიმპიური მედლების რაოდენობით ტოპ 20 ქვეყანა, რომ ავიღოთ 13 ევროპულია, საიდანაც დიდი ბრიტანეთი ლიდერობს 950 მედლით, მას კი მოსდევს გერმანია (922 მედალი) და საფრანგეთი (889 მედალი).
რაც შეეხება ჩინეთს ის 1950-იანი წლების შემდეგ დაახლოებით 30 წელი ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას აღარ იღებდა, თუმცა ამის მიუხედავად მედლების რაოდენობით მეხუთე ადგილს იკავებს საერთო ჩათვლაში, საიდანაც გამოსარჩევია მათი ასპარეზობა ტანვარჯიშში, ბადმინტონსა და ყვინთვაში.
მსოფლიოში ჯერ კიდევ დარჩენილია 60 ქვეყანა მათ შორის ბანგლადეში და ბოლივია, რომელთაც ამ დრომდე არ აქვთ ოლიმპიური მედალი მოპოვებული.
ცნობისთვის საქართველოს ჯამში 48 მედალი აქვს მიღებული, საიდანაც 13 ოქროა, 12 ვერცხლი, ხოლო 23 ბრინჯაო.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, სადაც საქართველო 28 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.