მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი ქვეყნები უხდიან წარმატებულ ზამთრის ოლიმპიელებს $100,000-ზე მეტს?

ზამთრის ოლიმპიელები

ამერიკელი სპორტსმენები, რომლებიც მილან–კორტინას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე უმაღლეს საფეხურზე ავლენ, $37,500-ის ოდენობის ბონუსს მიიღებენ. თუმცა მათმა კონკურენტებმა სხვა ქვეყნებიდან შესაძლოა $800,000-მდე გამოიმუშაონ და ეს მხოლოდ ფულადი ჯილდოა, დამატებითი პრივილეგიების გარეშე, როგორიცაა ძვირფასი სამკაულები, ავტომობილი ან ბინა.

2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გასაცემ თითოეულ ოქროს მედალს ექნება ექვსი გრამი ოქრო, რომელიც 500 გრამ ვერცხლს გარს აკრავს. მთლიანობაში მათი ღირებულება $2,000-ს აჭარბებს, რაც ძვირფასი მეტალების ფასის ისტორიული ზრდით არის განპირობებული. თუმცა ზოგიერთი ქვეყნის სპორტსმენისთვის ამ მედლის რეალური ღირებულება გაცილებით უფრო მაღალი იქნება.

მინიმუმ 37 ქვეყანა თავის სპორტსმენებს მედლების მოპოვებისთვის ფულად ბონუსებს სთავაზობს. ინდივიდუალურ სპორტში ოქროს მედლისთვის განკუთვნილი ჯილდო მერყეობს დაახლოებით $3,000-დან (ახალი ზელანდია) $787,000-მდე (სინგაპური). ჯამში, 13 ქვეყანა და ტერიტორია მზად არის თითოეულ ინდივიდუალურ ოლიმპიურ ჩემპიონს $100,000-ზე მეტი გადაუხადოს. ეს ბონუსები ემატება სხვა მხარდაჭერასაც საწვრთნელ სტიპენდიებს, გრანტებსა და სხვადასხვა სარგებელს, როგორიცაა სამედიცინო დაზღვევა.

ზოგიერთ ქვეყანაში ანაზღაურება ვრცელდება იმ სპორტსმენებზეც კი, ვინც პოდიუმს მიღმა რჩება. მაგალითად, კვიპროსის ალპური სათხილამურო ნაკრების ორი წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ოქროს და მასთან ერთად $177,000-ს მოიგებენ, მაინც მიიღებენ დაახლოებით $94,000-ს მეოთხე ადგილისთვის, ხოლო მე-16 ადგილი მათთვის $12,000-ად ფასობს.

ზოგ ქვეყანაში თანხას იხდის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, სხვაგან — სახელმწიფო, ან ორივე ერთად. ზოგჯერ ბონუსი მხოლოდ სპორტსმენს არ ეკუთვნის. მაგალითად, სლოვენიაში ოლიმპიური კომიტეტი და ეკონომიკის, ტურიზმისა და სპორტის სამინისტრო ერთად გამოყოფენ $162,000-ს, რომელიც თანაბრად ნაწილდება ოქროს მედალოსანსა და მის მწვრთნელს შორის.

ახალ ზელანდიაში სპორტსმენები პირდაპირ ბონუსს არ იღებენ ოლიმპიური კომიტეტისგან, თუმცა გუნდის ფორმის სპონსორმა, Kathmandu-მ, პირობა დადო, რომ ინდივიდუალურ ოქროს მედალოსნებს დაახლოებით 3,000 დოლარს გადაუხდის.

ზოგ ქვეყანაში სარგებელი ერთჯერად გადახდას ბევრად სცდება. გერმანიაში მედლის ბონუსები გადასახადებისგან თავისუფალია, და თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი დაახლოებით $35,000-ს იღებს - იგივე ეხება ამერიკელ სპორტსმენებსაც, თუ მათი წლიური შემოსავალი 1 მილიონ დოლარს არ აჭარბებს.

ხორვატიაში, ოქროს მედალოსნები 55 წლის ასაკის შემდეგ იღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას, რომელიც ქვეყნის საშუალო წმინდა ხელფასს უტოლდება (ამჟამად დაახლოებით $1,600). ნორვეგიაში ნებისმიერი მედლის მფლობელი ავტომატურად იღებს დაახლოებით $17,000-ს წელიწადში, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიაში მედალოსნებს სიცოცხლის ბოლომდე ენიჭებათ ყოველთვიური თანხა - დაახლოებით $1,300 ოქროსთვის, რაც ქვეყნის საშუალო ხელფასზე 1.5-ჯერ მეტია.

პოლონეთში ინდივიდუალური ოქროს მედალოსნები იღებენ არა მხოლოდ დაახლოებით $210,000-ს ნაღდი ფულისა და ტოკენების სახით, არამედ დამატებით Toyota Corolla-ს, ოროთახიან კეთილმოწყობილ ბინას, ნახატს, დასვენების ვაუჩერს და დაახლოებით $800-ის ღირებულების სამკაულს.

რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა ასეთი გულუხვი არ არის. მაგალითად, ირლანდია და დიდი ბრიტანეთი არ გასცემენ პირდაპირ შედეგზე მიბმულ ბონუსებს, გარდა იმ ზოგადი დაფინანსებისა, რომელსაც ელიტური სპორტსმენები იღებენ.

რაც შეეხება საქართველოს, „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, წინა ოლიმპიადების მსგავსად, საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენებისთვის სოლიდური ფულადი ჯილდოებია დაწესებული. მთავრობის განკარგულებით, ოლიმპიურ თამაშებზე შემდეგი თანხები გამოიყო:

  • ოქროს მედალი - 1 000 000 ლარი;
  • ვერცხლის მედალი - 500 000 ლარი;
  • ბრინჯაოს მედალი - 300 000 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები