მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნები უხდიან ყველაზე მეტს ოლიმპიურ მედალოსნებს?

ოლიმპიური მედალოსნების საპრიზო ფონდი

26 ივლისს სტარტი აიღო რიგით 33-ე ოლიმპიურმა თამაშებმა, რომელსაც წელს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი მასპინძლობს. ოლიმპიური მედალი უმაღლესი ჯილდოა, რაც კი სპორტსმენს შეუძლია, რომ მოიგოს, შესაბამისად ქვეყნების ნაწილს გარკვეული საპრიზო ფონდიც აქვს დაწესებული მედალოსნების წახალისების მიზნით.

შეჯიბრებაში 206 ქვეყანა არის ჩართული, საიდანაც მინიმუმ 33 სახელმწიფო საკუთარ სპორტსმენებს მედლის მოპოვების სანაცვლოდ ჯილდოდ გარკვეულ თანხას გადასცემს, საიდანაც 15 ქვეყანა ექვსნიშნა თანხის გადახდას აპირებს ოქროს მედალოსნებისთვის.

გასაკვირია, თუმცა ასეთი ქვეყნების რიგებში ვერ ვხვდებით აშშ-ს, რომელსაც 37,5 ათასიანი ბონუსი აქვს გამოყოფილი, თუმცა ამას ემატება კერძო სპონსორებისგან გრანტები და ფულადი წახალისებაც.
ბულგარეთი და მალაიზია ოლიმპიურ ჩემპიონებს დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ყოველთვიურად ათას დოლარს გადაუხდის, ხოლო ჩილეს, ლიეტუვასა და კოსოვოს ანალოგიური შეთავაზება აქვს, რომელიც მხოლოდ მომდევნო ოლიმპიურ თამაშებამდე ვრცელდება.

ახალი ზელანდია ჩემპიონს შემდეგ ღონისძიებამდე წლიურად 40 ათას დოლარს გადაუხდის, დანია კი 15 ათასს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დანიის მთავრობა გამარჯვებულს ოთხი წლის განმავლობაში გაათავისუფლებს სახელმწიფო გადასახადებისგან, რაც ძალიან დიდი შეღავათია ქვეყანაში არსებული ტარიფების ფონზე.

პოლონელები ოქროს მედალოსნებს 82 ათასი დოლარით აჯილდოებენ, თუმცა მასთან ერთად ყველა სინჯის პრიზიორს გადაეცემა საინვესტიციო კლასის ბრილიანტი, ორ კაციანი სამოგზაურო ვაუჩერი ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოსგან და გრაფიტის ნახატი პოლონეთის, რომელიმე ქალაქში წარმატებული ქუჩის მხატვრისგან. ამას გარდა ოლიმპიურ თამაშებზე პოლონეთის მონაწილეობის 100 წლის თავთან დაკავშირებით, ინდივიდუალური სპორტების ოქროს მედალოსნებს სახელმწიფო ორ ოთახიან ბინას გადასცემს ვარშავაში, ხოლო გუნდურ სახეობებში გამარჯვებულებს ერთ ოთახიანს.

სახელმწიფოთა ნაწილი, როგორიც შვედეთი, ნორვეგია და ისლანდია არიან საკუთარ მედალოსნებს არანაირ კომპენსაციას არ გადაუხდის და იგივე ეხება დიდი ბრიტანეთის მძლეოსანთა ნაკრებსაც, რომელთა დაჯილდოებაც მთავრობას არ ეხება.

ყველაზე დიდ შემოსავალს საკუთარ ოქროს მედალოსნებს ჰონკონგი უხდის, რომელიც ჩინეთისგან დამოუკიდებლად ასპარეზობს ტურნირზე. მათი საპრიზო ფონდი 718 ათას დოლარს შეადგენს, რისი გადახდაც ზაფხულის თამაშების ისტორიაში მხოლოდ ორჯერ მოუწიათ. მათი ჯილდო ვერცხლის პრიზიორებისთვის ასევე აღემატება მრავალი ქვეყნის მთლიან ფულად ჯილდოს, რადგანაც აზიელებს ვიცე-ჩემპიონებისთვის 380 ათასი დოლარი აქვთ გამოყოფილი.

სიაში მეორე ადგილზე ისრაელია 275 ათასი დოლარით, ხოლო სამეულს სერბები ხურავენ 218 ათას დოლარიანი საპრიზო ფონდით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამაც ფულადი ჯილდოები დააწესა იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყანას მედლებს მოუპოვებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, ოლიმპიური ჩემპიონი მთავრობისგან მილიონი ლარით დაჯილდოვდება, ვერცხლის მედლის მფლობელი 500 ათას ლარს მიიღებს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი - 250 ათას ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები