2024 წელს ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში წინასწარი მონაცემებით $1 მლრდ 333 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. აქედან ძირითადი წილი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებს უკავიათ.
შემცირებული FDI-ის პირობებში, საფინანსო და სადაზღვევო სექტორში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა 9.7%-ით 526.5 მლნ დოლარამდე შემცირდა და განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით დარგების რეიტინგში ამ ტიპის საქმიანობებმა 39.4%-იანი წილით პირველი ადგილი დაიკავა.
BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში რომელი ქვეყნებიდან და რომელ კომპანიებში ჩაიდო ინვესტიციები.
მოწოდებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ქვეყნის საფინანსო და სადაზღვევო სექტორში ინვესტიციები ძირითადად გაერთიანებული სამეფოდან შემოდის. ამგვარად, 2024 წელს დარგში ჩადებული ინვესტიციების 86% გაერთიანებულ სამეფოზე მოდის. ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
- გაერთიანებული სამეფო - $453.1 მლნ;
- მალტა - $97.8 მლნ;
- ნიდერლანდები - $35.3 მლნ;
- გერმანია - $13.5 მლნ;
- თურქეთი - $9.9 მლნ;
- ისრაელი - $6.5 მლნ;
- რუსეთი - $4.9 მლნ;
- შვეიცარია - $3.6 მლნ;
- აზერბაიჯანი - $3.1 მლნ;
- ლატვია - $2.9 მლნ;
გასულ წელს საფინანსო და სადაზღვევო სექტორში პირდაპირი ინვესტიციები ავსტრიიდან, უკრაინიდან, აშშ-დან და ლუქსემბურგიდან ჩაიდო, თუმცა დანარჩენი ქვეყნებიდან ჯამურად ინვესტიციების მაჩვენებელი უარყოფითა და ფინანსური კაპიტალის გადინების მაჩვენებელი -108.7 მლნ დოლარია, რაც შესაძლოა, ქვეყნიდან ინვესტორების მიერ დივიდენდების გატანას უკავშირდებოდეს.
საფინანსო და სადაზღვევო სექტორში უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ჩამონათვალი კი, რომლებშიც გასულ წელს ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, ასეთია:
- ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში;
- თრიფლ ჯამფ ბ.ვ. - ის საქართველოს წარმომადგენლობა;
- შპს მოგო;
- მასტერქარდის წარმომადგენლობა საქართველოში;
- შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ;
- შპს ედრეს ქოლექშენ ჯგუფი;
- სს სვის ჰოლდინგს;
- სს ბიჯეო ჯგუფი;
- სს პონტუს;
- შპს ექსპრეს ლოუნი
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.