2024 წლის 11 თვეში საქართველომ უცხოეთიდან 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების 1.43 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, რაც წინა წელთან შედარებით თანხობრივად 13%-ით, რაოდენობრივად კი 12%-ით მეტია.
2024 წელს საქართველომ რუსეთიდან $471 მილიონი დოლარის ღირებულების 630 ათასი ტონა ნავთობი შეიძინა, რაც წლიურად 8%-ით არის შემცირებული. სავარაუდოდ, შემცირების მიზეზი თავად რუსეთის მიერ ბენზინის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვაა, რომელიც ზაფხულის თვეებში მოხსნილი იყო, თუმცა 1 სექტემბრიდან კვლავ ძალაში შევიდა და ის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს, რაც თავად რუსეთში ბენზინის დეფიციტით არის განპირობებული. აღნიშნულიდან გამომდინარე ქართულმა კომპანიებმა გაზარდეს ბენზინის იმპორტი რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და თურქეთიდან.
ქვეყანა | იმპორტი თანხობრივად 2024 წლის 11 თვეში | იმპორტის მოცულობა - ტონა | ექსპორტის ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით |
რუსეთი | $472 | 629,544 | -8% |
ბულგარეთი | $154 | 180,473 | 104% |
რუმინეთი | $150 | 185,021 | -1% |
აზერბაიჯანი | $76 | 95,951 | -9% |
თურქეთი | $70 | 67,992 | 83% |
საქსტატის თანახმად, საქართველომ წელს შესყიდული ნავთობის ნაწილი ექსპორტზე გაიტანა, კერძოდ ექსპორტმა $77 მილიონ დოლარს და 115 ათას ტონას მიაღწია. თანხობრივად ექსპორტი 26%-ით, რაოდენობრივად კი 52%-ით არის გაზრდილი. 2024 წლის პირველ 11 თვეში საქართველოდან ყველაზე მეტი - $24 მილიონი დოლარის 50 ათასი ტონა ნავთობი ექსპორტზე ნიდერლანდებში გავიდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ნიდერლანდებში ნავთობის ექსპორტი არ ხორციელდებოდა, შესაბამისად, წელს ზრდა ძირითადად ნიდერლანდების მიმართულებით ნედლი ნავთობის ექსპორტირებას/რეექსპორტირებას უკავშირდება.