მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი რეგიონები დააზიანა უხვმა ნალექმა ბოლო 2 დღეში?

უხვი ნალექი

22 ივლისის ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ საქართველოს რამდენიმე რეგიონში სერიოზული პრობლემები გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაზიანდა გზები, ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ზოგიერთ შემთხვევაში, მოქალაქეები იძულებულნი გახდნენ, საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინათ.

ძლიერი წვიმის შედეგად, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში გომაროსა და შოყაში, სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა. სამხარეო რწმუნებულის პრესსამსახურმა BM.GE-ს უთხრა, რომ 5 ოჯახი გაყვანილია საცხოვრებელი სახლებიდან ნათესავებთან. საბოლოოდ, მათი ქირით დაბინავება იგეგმება საცხოვრებელი სახლების სრულ აღდგენამდე. ასევე, დახოცილია პირუტყვი, დაზიანებულია 5 მსუბუქი ავტომობილი და 1 მიკროავტობუსი. დაზიანებული ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

მათივე ცნობით,ადგილზე უკვე მუშაობს სპეციალური ტექნიკა, მობილიზებულია ტრაქტორები, სატვირთო მანქანები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სტიქიის ზონაში იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებიც, რომლებიც ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთების გატანაში ეხმარებიან.

დაზარალებულ რეგიონებს შორისაა, გურია. კერძოდ, ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზა. ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ძლიერმა ნალექმა, რომელიც კურორტ ბახმაროში 22 ივლისის ღამეს მოვიდა, შექმნა ნიაღვრები და გამოიწვია მცირე ღელეების და მდინარეების ადიდება. შედეგად, შიდა გზებზე ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა სატრანსპორტო მოძრაობის გადაადგილება შეზღუდა. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, დილიდანვე ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, მათ შორის ბახმაროს მისადგომებთან.

უხვი ნალექის შედეგად, ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მდინარის ადიდებისა და მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საავტომობილო გზა მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის აღდგენილია ლენტეხიდან სოფელი მელეს მიმართულებით, სოფელი მელედან სოფელი ცანას მიმართულებით კი გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისათვის, მუნიციპალიტეტში ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ორბელის თემში საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ადიდებულმა მდინარე ლაჯანურმა კურორტ ,,ლაშიჭალისკენ " მიმავალ გზაზე დააზიანა ხიდი და ამ დროისთვის კურორტის მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია.

ამ დროისათვის, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და უახლოეს პერიოდში დაიწყება დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები