მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი საქონლით იგეგმება აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდა? - ეკონომიკის მინისტრი

61547fe831328
ვიქტორია მღებრიშვილი
29.09.21 21:15
1185
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა და მეზობელ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდის რესურსის მქონე პროდუქტები დაასახელა.

„კარგია, რომ კომისია ჩატარდა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ათი წელია არ ჩატარებულა და ახლა ჩავატარეთ. ეს მოასწავებს იმას, რომ ორივე მხარე მზად არის, ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის მეტი ინტენსიფიკაცია მოხდეს.

განვიხილეთ თუ როგორ გავზარდოთ ურთიერთ სავაჭრო ბრუნვა, მათ შორის ქართული ექსპორტი აზერბაიჯანში. ეს შეეხება საცემენტო, ასევე მეტალურგიის პროდუქციას, ასევე სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის პროდუქციას. ვსაუბრობდით იმაზე, რომ იყოს თანაბარი, არადისკრიმინაციული მიდგომები და ეს აბსოლუტურად პოზიტიურად არის აღქმული ჩვენი კოლეგების მხრიდან, რადგან, ჩვენ გვაკავშირებს არა მხოლოდ წმინდა პრაგმატული ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ, მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა წლების განმავლობაში“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ ენერგეტიკის სფეროში ქვეყნების ურთიერთობების მეტად გაფართოებაზე გააკეთა აქცენტი, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს.

„იყო საინტერესო საუბრები ენერგეტიკის სფეროში ჩვენი ურთიერთობების უფრო მეტად გაფართოებაზე. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში აზერბაიჯანი არის ჩვენი ნომერ პირველი მიმწოდებელი როგორც გაზის, ასევე ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით. ჩვენ გავაცანით ჩვენი გეგმები შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის პროექტის განვითარების შესახებ, რითაც ჩვენ ევროკავშირის ბაზარს მივუერთდებით და დავპატიჟეთ, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიიღონ. ისინი დიდი ინტერესით მოეკიდნენ ამას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები